მოულოდნელი მზის ქარი დედამიწის ატმოსფეროს წამში 600 კმ სიჩქარით ურტყამს — #1tvმეცნიერება
7 აგვისტოს, დედამიწის ატმოსფეროს შეასკდა მზის ქარის ნაკადი, რომლის სიჩქარეც წამში 600 კილომეტრზე მეტი იყო.
მართალია, ძლიერ საგანგაშო არაფერია, რადგან მზის შტორმები ჩვენს პლანეტას ხშირად ურტყამს და თვალწარმტაც პოლარულ ციალს იწვევს, მაგრამ ამ შემთხვევაში უცნაური ის არის, რომ ეს შტორმი სრულიად მოულოდნელი იყო.
„ეს მოვლენა პროგნოზში არ იყო, შესაბამისად, მის მიერ წარმოქმნილი ციალი შეგიძლიათ სიურპრიზად მიიღოთ“, — წერს გამოცემა SpaceWeather.
მზის ქარი მაშინ ხდება, როდესაც ძლიერ ენერგიული ნაწილაკებისა და პლაზმის ნაკადს მზის გრავიტაცია უკან ვეღარ ექაჩება და ის ჩვენკენ, დედამიწისკენ მოემართება.
ჩვენი მზის მოქმედების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ მიჩნეულია, რომ ეს გამოსხივებები მომდინარეობს მზეზე არსებული დიდი კაშკაშა ლაქებისგან, რომლებსაც „კორონულ ხვრელებს“ უწოდებენ და მეცნიერები მათ დედამიწიდან აქტიურად მეთვალყურეობენ.
ამ მონიტორინგის შედეგად, ისინი ქმნიან კოსმოსური „ამინდის პროგნოზს“, რომელიც არა მხოლოდ იმას პროგნოზირებს, როდის მოხდება მზის შტორმები და ანთებები, იგივე კორონული მასის ამოფრქვევები, არამედ მათ სიმძლავრესაც.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 7 აგვისტოს მსგავსი სიურპრიზები გამორიცხულია.
7 აგვისტოს დილას, NASA-ს ღრმა კოსმოსური კლიმატის ობსერვატორიამ (DSCOVR) შენიშნა მზის ქარის ნათელი ნაკადები, რომლებიც დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად, მოულოდნელად გაიზარდა.
მზის ამ შტორმის მიზეზი ჯერ უცნობია, მაგრამ SpaceWeather-ი ვარაუდობს, რომ ეს გახლდათ ნაადრევი მზის ქარი, რომელსაც მზის ატმოსფეროს ეკვატორული ხვრელიდან ორი დღის შემდეგ ვარაუდობდნენ.
ან სულაც, ის შეიძლება გამორჩენილი კორონული მასის ამოფრქვევა (CME) იყო.
სწორედ ამ მომენტში, მზის ქარი დედამიწის მაგნიტურ ველს კვლავ ურტყამს წამში დაახლოებით 551,3 კილომეტრის სიჩქარით.
კარგი ამბავი ის არის, რომ მზის ქარი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მისგან პლანეტის ატმოსფერო გვიცავს.
თუმცა, როდესაც ის ძლიერია, შეუძლია დააზიანოს ჩვენი ტექნოლოგიები, გამოიწვიოს ხარვეზები სატელეკომუნიკაციო თანამგზავრებში და ექსტრემალურ შემთხვევებში ელექტროსისტემებშიც.
მეცნიერებმა ამ ქარს საშუალო, G2 შტორმის კლასიფიკაცია მიანიჭეს; ყველაზე სუსტია G1 შტორმები, ყველაზე მძლავრი კი G5.
G2 შტორმებს შეუძლია დააზიანოს მაღალი განედების ენერგოსისტემები და გავლენა მოახდინოს კოსმოსური ხომალდის ორბიტის პროგნოზირებაზე.
შეიძლება ეს ყველაფერი აქამდეც გსმენიათ, რადგან წელს უკვე მზის ბევრი შტორმის მომსწრე გავხდით — ჩვენი მზე ახლა თავის 11-წლიანი ციკლის აქტიურ ფაზაშია.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.