მზეზე სამი ხვრელი გაიხსნა - დედამიწისკენ გეომაგნიტური შტორმი მოემართება
მზეზე სამი ხვრელი გაიხსნა - დედამიწისკენ გეომაგნიტური შტორმი მოემართება

მზეზე კვლავ ქაოსი იწყება და შესაბამისად, დედამიწა საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ გამოცდის ამ პროცესის ეფექტს. საქმე ის არის, რომ მზის ზედაპირზე კორონალური ხვრელები გაიხსნა, საიდანაც ჩვენი მიმართულებით გეომაგნიტური შტორმები დაიძრა.

ხვრელები მზეზე — ალბათ ცოტა შემზარავად ჟღერს, მაგრამ ეს მოვლენა ჩვენი დედავარსკვლავისთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით ე. წ. მზის მინიმუმის დროს. ასე უწოდებენ მზის 11-წლიანი ციკლის მშვიდ პერიოდს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.


მიუხედავად იმისა, რომ მზის მინუმუმში ლაქები და ამოფრქვევები იშვიათია, თანაც პატარა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში დაცული ვართ გეომაგნიტურ შტორმთა დარტყმისგან.

ყველაფერში დამნაშავე კორონალური ხვრელებია. წარმოადგენს პლაზმის ცივ, ნაკლებად მკვრივ რეგიონებსა და გახსნილ მაგნიტურ ველებს.

ეს ღია სტრუქტურები მზის ქარებს გაცილებით იოლად გაქცევის საშუალებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, დედამიწისკენ ელექტრომაგნიტური რადიაციის ტალღას აგზავნის, თუკი ხვრელი დედამიწასთან შესაბამის პოზიციაში მოექცა.

გასულ კვირაში მზეზე სამი ასეთი ხვრელი გაიხსნა და ზუსტად ჩვენი მიმართულებით გამოტყორცნა მაღალსიჩქარიანი მზის ქარები. დიახ, საქმე ეხება მზის შტორმებს, თუმცა განგაშის საფუძველი არ არსებობს.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის (NOAA) ცნობით, ამოფრქვევა G1-დონის იყო, ანუ ყველაზე მცირე მასშტაბის.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი უბრალოდ ვერაფერს შენიშნავს. როგორც წესი, G1-დონის შტორმი ნიშნავს იმას, რომ დედამიწა მხოლოდ მცირე ეფექტებს იგრძნობს.


ალბათ დაფიქსირდება მცირე რყევები ჩვენს ელექტროსისტემაში, ოდნავ შეეშლება ხელი თანამგზავრულ კომუნიკაციებს, მაგალითად GPS-ს, ისევე როგორც თანამგზავრულ ინტერნეტსა და ტელევიზიას.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ გეომაგნიტური შტორმების დროს, ხშირად სანაპიროზე გამოირიყებიან ზღვის ძუძუმწოვრები, რადგან ამ დროს ირევა დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც მათი შიდა კომპასის როლს ასრულებს.

თუკი შესაბამის განედებში ცხოვრობთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, რადგან იხილავთ ჩრდილოეთის ან სამხრეთის თვალწარმტაც პოლარულ ციალს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მზის ქარების დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი პოლუსებისკენ მიმართავს, სადაც ისინი ურთიერთქმედებს იონსფეროსთან და წარმოქმნის თვალწარმტაც სინათლის შოუს.
პოლარულ ციალთა პროგნოზს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ NOAA-ს ვებგვერდზე. მონაცემები ყოველ 30 წუთში ახლდება.

მომზადებულია noaa.gov-ის მიხედვით