დღეს დედამიწას მზის შტორმი დაარტყამს - რა უნდა ვიცოდეთ
დღეს დედამიწას მზის შტორმი დაარტყამს - რა უნდა ვიცოდეთ

კვირის დასაწყისში მზეზე მომხდარი ხანგრძლივი ამოფრქვევის გამო, დედამიწის მაღალ განედებზე მოსალოდნელია გეომაგნიტური შტორმი.

12 თებერვალს, მზეზე მოხდა შედარებით სუსტი, C-კლასის ამოფრქვევა, რასაც თან ახლდა კორონარული მასის ამოტყორცნა (CME). შედეგად, კოსმოსში გაიფრქვა პლაზმა და ელექტრომაგნიტური რადიაცია, რომლის გარკვეული ნაწილიც დედამიწისკენ გამოემართა.

შესაძლოა, ეს ყველაფერი ცოტა საშინლად ჟღერდეს, მაგრამ უჩვეულო ნამდვილად არაფერი ხდება. სინამდვილეში, კორონარული მასის ამოტყორცნა ერთ-ერთი ის მოვლენაა, რომელიც იწვევს ცის ერთ-ერთ ულამაზეს ფენომენს — სინათლის თვალწარმტაც შოუს, რომელსაც პოლარულ ნათებას ვუწოდებთ.

პოლარული ციალი მაშინ ხდება, როცა კორონარული მასის ამოტყორცნის შედეგად წამოსული დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროს ატომებსა და მოლეკულებს ეჯახება, რაც ცაში ნათებას იწვევს.

ციალის გამოწვევა განსაკუთრებით ძლიერ მზის ქარსაც შეუძლია, მაგრამ კორონარული მასის ამოტყორცნით წარმოქმნილი გეომაგნიტური შტორმების შედეგად გამოწვეული ნათებები განსაკუთრებით სუფთა და თვალწარმტაცია.


აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მიერ შტორმის შესახებ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადების თანახმად, შტორმი დედამიწას თავს დაატყდება მაღალ განედებზე, მაგალითად კანადას, ალასკას, ციმბირს, ანტარქტიდას და ღამით წარმოქმნის საუცხოო სინათლის შოუს.

ეს კი მოხდება იმიტომ, რომ მზიდან წამოსულ დამუხტულ ნაწილაკებს დაიჭერს დედამიწის მაგნიტური ველი, რომლებსაც ის პოლუსებისკენ მიმართავს.

პოლარული ციალი გეომაგნიტური შტორმის ერთადერთი შედეგი როდია. მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო სიგნალები, რომლებიც იონსფეროს ურტყამს, შესაძლოა, დაზიანდეს. ასევე ზიანდება 30 მეგაჰერცზე დაბალი რადიოსიგნალები ყველა განედზე.

გარდა ამისა, დიდი ზიანი ადგება GPS სიგნალებსაც. ამის მიზეზი ისაა, რომ აშლილ ატმოსფეროს შეუძლია დააზიანოს დედამიწის ზედაპირზე განთავსებულ გადამცემებსა და ორბიტულ თანამგზავრებს შორის გაგზავნილი სიგნალები.

საბედნიეროდ, ეს შტორმი საკმაოდ სუსტია. შესაბამისად, აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია პროგნოზირებს ძალიან სუსტ რყევებს ელექტროსისტემაში. გეომაგნიტურად წარმოქმნილი მუდმივი დენის მცირე ტალღებს არ აქვს საკმარისი სიძლიერე, რათა ელექტროსისტემა მთლიანად გამოიყვანოს მწყობრიდან.

ასე რომ, თუკი იმყოფებით დაახლოებით 65 გრადუსიან განედს ზემოთ, მოდუნდით, კომფორტულად მოკალათდით სავარძელში და მოემზადეთ რაღაც მართლაც შთამბეჭდავის საყურებლად.

12 თებერვალს მზეზე მომხდარი C-კლასის ამოფრქვევა

მომზადებულია swpc.noaa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი