დღეს, მოსამართლეთა რიგით XXIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრს აირჩევენ.
ახალი წევრის შერჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან თევზაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.
შესაბამისად, თევზაძეს არ ჰქონდა უფლება, ორი თანამდებობა ერთდროულად დაეკავებინა, რის გამოც, მან საბჭოს წევრობაზე უარი თქვა.
დღის წესრიგით, მოსამართლეთა რეგისტრაცია 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო კონფერენცია 12:00 საათზე გაიხსნება.
საბჭოს ახალი წევრის შერჩევის გარდა, კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, შეირჩევა
ადმინისტრაციული კომიტეტის ერთი წევრი და ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ვარაუდობს, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე საბჭოს ახალ წევრად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ტყავაძე დასახელდება.