ანა დოლიძე ვარაუდობს, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ახალ წევრად ხვალ გიორგი ტყავაძე დასახელდება
ანა დოლიძე ვარაუდობს, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ახალ წევრად ხვალ გიორგი ტყავაძე დასახელდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ვარაუდობს, რომ ხვალ, მოსამართლეთა კონფერენციაზე, საბჭოს ახალ წევრად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ტყავაძე დასახელდება.

მისივე თმით, იქნება ერთადერთი კანდიდატი და კონფერენციის წევრები მას მხარს წინასწარ შეთანხმების მიხედვით, ერთპიროვნულად დაუჭერენ.

„არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე სადაც უნდა აირჩიონ იუსტიციის საბჭოს მომავალი წევრი, არჩევნები საბჭოთა ტიპის იქნება. არ იქნება არც დისკუსია, არც კამათი, არც კამპანია, ჯერჯერობით არ არის არანაირი კამპანია სხვადასხვა წევრების მხრიდან.

გადაწყდება ისევ ერთპიროვნულად, როგორც ინიშნება ხალხი ჩვენს სასამართლოში. იქნება ერთი კანდიდატი და ზოგადად, საბოლოო ჯამში აირჩევენ მოსამართლე გიორგი ტყავაძეს, რომელიც არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ წავედით შორს სასამართლო თვითმმართველობასთან და დამოუკიდებლობასთან მიმართებით. ეს არის საბჭოთა ტიპის არჩევნები, სადაც ყველაფერი წყდება ცენტრიდან, ვერტიკალურად, ერთპიროვნულად კლანის მიერ და არა დემოკრატიულად“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ვარაუდობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი ტყავაძის საბჭოს ახალ წევრად დანიშვნის შემთხვევში ის დამოუკიდებელი ვერ იქნება, რადგან ანგარიშვალდებული იქნება „სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ე.წ. კლანის წინაშე“.

„ვერანაირად ვერ იქნება დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, რადგან უკვე წინასწარ აქვს მხარდაჭერა მიღებული, არა იმისთვის, რა იდეებიც აქვს, არამედ უკვე შერჩეულია და მხარდაჭერა აქვს მიღებული მმართველი კლანის მიერ სასამართლო ხელისუფლების შიგნით, შესაბამისად ის ანგარიშვალდებული იქნება სწორედ კლანის წინაშე“, – განმარტა დოლიძემ.

ხვალ რიგით XXIII რიგგარეშე კონფერენციის გაიმართება, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრს აირჩევენ. ახალი წევრის შერჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან თევზაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.