მორევის გალაქტიკა - დიდებული სანახაობა ნასას ტელესკოპების თვალით
19:20, 13.02.2019
სამი კოსმოსური ობსერვატორიის მონაცემების გამოყენებით, კოსმოსური ტელესკოპის ინსტიტუტმა სამწუთიანი ვიდეო შექმნა მორევის გალაქტიკის შესახებ. ამ გალაქტიკაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი ვარსკვლავების დაბადება, მრავალიც კვდება.
სუპერნოვებით მდიდარი ეს გალაქტიკა მდებარეობს დედამიწიდან 30 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედის მიმართულებით. მისი ოფიციალური სახელია M51 ან NGC 5194.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მორევის გალაქტიკა სპირალური გალაქტიკის ყველაზე განსაცვიფრებელი მაგალითია. სხვადასხვა ტალღის სიგრძეში მიმდინარე დაკვირვებები ამ გალაქტიკაში სხვადასხვა სტრუქტურებს ავლენს. სამგანზომილებიან გამოსახულებაში, გალაქტიკის სპირალური მკლავები ბლინის მსგავს დისკოში მიემართება.
ვიდეოში, ხილული სინათლე გადაღებულია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ, ინფრაწითელი — სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის, რენტგენული სინათლე კი ჩანდრას კოსმოსური ობსერვატორიის მიერ.
ხილულ სინათლეში ასტრონომებს შეუძლიათ შენიშნონ ბებერი და ახალგაზრდა ვარსკვლავები — მოყვითალო, ბებერი ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის სიახლოვესაა განლაგებული, მოლურჯო, ახალგაზრდა ვარსკვლავები კი თავს იყრიან გალაქტიკის სპირალურ მკლავებში.
სხვადასხვა ტალღის სიგრძეებს ასევე შეუძლია გალაქტიკის ზოგადი სტრუქტურის გამომჟღავნება. მორევის გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც ძლიერ რენტგენულ გამოსხივებას გამოყოფს. მკლავებში არსებული ცივი გაზი და მტვერი ინფრაწითელ დიაპაზონში კაშკაშებს. ვარსკვლავურ ინკუბატორებში არსებული ცხელი გაზი კი მიუთითებს სუპერნოვათა აფეთქებებზე, რაც გაზს მაღალ ტემპერატურაზე აცხელებს.