ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, მას პროკურორი პირდაპირ ადანაშაულებს, რომ ვიღაცის ზეწოლის ქვეშ, ან ვიღაცის აზრებიდან გამომდინარე ითხოვს დანარჩენი ბრალდებულების გამოაშკარავებას.
„მე მთხოვეს პირდაპირ – მომეცი არგუმენტი, რომ დავაკავო ეს პირები. თუ არგუმენტი მაქვს და მე საბუთი მაქვს, ესე იგი მე ვარ პროკურორი და გამომძიებელი. კონკრეტულად მაინტერესებდა მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო დაკავებული იმის გამო, რომ პროცესზე ჩვენება შეცვალა. დღესდღეობით, როდესაც უკვე სრულწლოვანია, გადის სასამართლო პროცესზე და ამბობს ბრალდების საწინააღმდეგო ჩვენებას, მეორე პროცესზე უკვე გამოდის და ამბობს დაცვის საწინააღმდეგო ჩვენებას, პირდაპირ მიმყარებს საფუძველს, ვიფიქრო, რომ მიხეილ კალანდია არის ერთ-ერთი დამნაშავე. პირდაპირ მკვლელობაზე მაქვს საუბარი. ზოგი ადასტურებს კალანდიას იქ ყოფნას, ზოგი არ ადასტურებს, იმიტომ, რომ ზეწოლა მოახდინეს აბსოლუტურად ყველაზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოკლული არასრულწლოვნის მამის თქმით, მას პროკურატურა თვალებში ნაცარს აყრის.
„ფარდულის ამბებში ფიგურირებს კალანდია, ფარდულში ფიგურირებენ ჯანაშია, მენაბდე, რომლებიც დაკითხულები არიან, ჯანაშიას გარდა. მენაბდე დაჭრილი არის ამ ინციდენტის გამო. ჯერჯერობით გამოუძიებელია, ვისგან არის დაჭრილი და რა პოზიციაში და რა იარაღით. მენაბდის დაკითხვა დასრულდა თუ არა, იმ დღესვე დადეს ექსპერტის ცნობა, რომ მენაბდის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩემი შვილის სისხლი, რამაც გამოიწვია ძალიან ბევრი კითხვა. სამწუხაროდ, ამ კითხვებს ვეღარავინ დაუსვამს მენაბდეს იმიტომ, რომ მისი დაკითხვის პროცესი დამთავრებულია. პირდაპირ მაყრის პროკურატურა თვალებში ნაცარს. მაფურთხებენ სახეში, ასე რომ ვთქვათ. არ დავუშვებ, რომ ეს საქმე ასე დარჩეს. დამიჭერენ? დამიჭირონ. მომკლავენ? მომკლან. ვიღაცა მაინც გამოჩნდება, რომ ეს საქმე გააგრძელოს ბოლომდე და მიიყვანოს იმ კონკრეტულ პირებამდე, ვისაც ხელს ადებს თუნდაც პროკურორი, თუნდაც სუბელიანი, თუნდაც კაკუბავა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ორი ექსპერტი და ერთი ექიმი დაიკითხება. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.