საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის  საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ორი ექსპერტი და ერთი ექიმი დაიკითხება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

“ერთი არის სამედიცინო ექსპერტი, მეორე კი გენეტიკურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ისაუბრებს. კიდევ ერთი პიროვნებაა მოწმის სახით წარმოდგენილი – ექიმი, რომელმაც ერთ-ერთ გარდაცვლილს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. ექსპერტი ისაუბრებს, რამ გამოიწვია სიკვდილი, რომელი ჭრილობა იყო მომაკვდინებელი და რომელი არა”,-განაცხადა პროკურორმა.

არასრულწლოვანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ სამედიცინო ექპსერტიზის გადახედვით შეასაძლებელია გაირკვეს, რომ კონკრეტული პიროვნების დაჭრაში არა ორი, არამედ მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

“ველოდებით, როდის წარმოადგენს ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნებს, სადაც პასუხი იქნება შემდეგ უმნიშვნელოვანეს შეკითხვაზე – რამდენი დანა მონაწილეობდა აღნიშნული პიროვნების დაჭრის პროცესში. თუ დასაბუთებული, კატეგორიული ექსპერტიზის დასკვნა იქნება , მიმაჩნია, რომ ყველაფერს მოეფინება ნათელი და სასამართლოს ექნება უტყუარი მტკიცებულება”,-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.