არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი დაიკითხოს
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი დაიკითხოს

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლო პროცესზე ყოფილი პროკურორი, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა, მირზა სუბელიანი დაიკითხოს.

„ჩვენი სურვილია, სასამართლომ დაინახოს სიმართლე – რა მოხდა დაჭრამდე, რა მოხდა დაჭრის შემდეგ, როგორ გადამალეს გარკვეული პიროვნებები, როგორ წაიყვანეს სხვადასხვა ადგილას, რათა მათი დანაშაული დაეფარათ. არიან პირები, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეულ კითხვებზე პასუხი გასცენ“, – განაცხადა კაკაბაძემ.

ადვოკატის თქმით, სუბელიანის მიმართ კითხვები ექნება, მაგრამ ტარიელ კაკაბაძემ კითხვების შინაარსი არ დააკონკრეტა.

„მე მექნება უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უამრავ ჭეშმარიტებას და ფაქტს მოჰფენს ნათელს, იმ ფაქტებს, რომლებსაც, ჩვენი შეფასებით, ჩვენი მყარი რწმენით, ბრალდების მხარე შეგნებულად ჩქმალავს და მალავს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ორი ექსპერტი და ერთი ექიმი დაიკითხება. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.