მინდელის შახტში შრომითი უსაფრთხოების საკითხზე დასკვნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოამზადებს
მინდელის შახტში შრომითი უსაფრთხოების საკითხზე დასკვნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოამზადებს

ტყიბულში მინდელის შახტში შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე დასკვნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოამზადებს, – აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიიღეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, შეთანხმდა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც საწარმოს სისტემურ შეფასებას მოამზადებენ. პარალელურად, გაგრძელდება მიმდინარე გამოძიება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია რამდენიმე შეფასება, შევთანხმდით ასეთ ფორმატზე, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებთანაც ერთობლივად შევაფასებთ არა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მომხდარ კონკრეტულ უბედურ შემთხვევას, არამედ მომზადდება მთლიანად ამ საწარმოში შრომის უსაფრთხოების სისტემური შეფასება. ეს იქნება განმსაზღვრელი სავარაუდო სცენარების“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტის უზრუნველყოფა შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ჩარევებით. მინისტრის განცხადებით, შეფასებამ რამდენიმე შედეგი შეიძლება გამოკვეთოს – შესაძლოა, იმდენად დიდი ჩარევისა და ინვესტიციების საჭიროება გამოვლინდეს, რომ წარმოებამ დაკარგოს აზრი; ასევე, შესაძლებელია შედეგი იყოს ისიც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ინდუსტრიაში, საწარმოში პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვა. სერგეენკოს განცხადებით, ეს მხოლოდ თეორიულად დასაშვები ვერსიებია.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის, ზურაბ გელენიძის განცხადებით, უცხოელი სპეციალისტების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული კომპანიის საბოლოო გადაწყვეტილება, უღირს თუ არა „საქნახშირს“ ტყიბულში ოპერირება.

„ჩვენ მივდივართ იმაზე, რომ სრულად და გამჭვირვალედ წარიმართოს და ასევე დასრულდეს საგამოძიებო პროცესი. ყველა შედეგისთვის მზად ვართ. ამავდროულად, წარიმართოს აუდიტი, რომელიც იტყვის საერთოდ ღირს თუ არა ამ შახტში ოპერირება და რამდენად უსაფრთხოა ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება. კომპანიის მოგება – ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორს, ამას ძალიან განვიცდით“, – განაცხადა ზურაბ გელენიძემ.

სამმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც პროფკავშირები და კომპანიის ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, შრომის უსაფრთხოებასთან ერთად, მეშახტეთა და მაღაროელთა სოციალური შეღავათების საკითხიც განიხილეს. იმსჯელეს პროფკავშირების ინიციატივაზე მაღაროებსა და შახტებში დასაქმებული პირებისთვის საპენსიო ასაკის შემცირებასა და საშემოსავლო გადასახადისგან მათ გათავისუფლებაზე. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხების განხილვა ხელისუფლების უფრო ფართო ინსტიტუციების, მათ შორის პარლამენტის წარმომადგენელთა ჩართულობას მოითხოვს. შესაბამისად, ახლო მომავალში უფრო გაფართოებული შემადგენლობის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პროფკავშირების ინიციატივებზე იმსჯელებს.