საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილება დასკვნის სახით პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება და საკითხი მორიგი საშემოდგომო სხდომის დღის წესრიგში შევა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, დავით სერგეენკოს არასაპატიო მიზეზებით აქვს გაცდენილი პარლამენტში სხდომები, რის გამოც, რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დადგა დღის წესრიგში.

„პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომის ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 32 სხდომა ჩატარდა, აქედან საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოს მიერ გაცდენილ იქნა 25 სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან ათი დღის ვადაში გაცდენის მიზეზს გამოიკვლევს და, არასაპატიო მიზეზის შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას ამზადებს. კომიტეტმა და პარლამენტის აპარატმა გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა, გამოიკვლია მასალა და დავით სერგეენკოს 32 სხდომიდან 25 არასაპატიო მიზეზით აქვს გაცდენილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.