მილოშ ზემანი - „ნოვიჩოკის“ ტიპის მომწამვლელი ნივთიერება 2017 წელს ჩეხეთშიც აწარმოეს
„ნოვიჩოკის“ ტიპის მომწამვლელი ნივთიერება 2017 წლის ნოემბერში მცირე ოდენობით ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო ინსტიტუტშიც აწარმოეს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა სამოქალაქო კონტრდაზვერვასა და სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით განაცხადა. ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
ზემანის თქმით, ნივთიერება გამოსცადეს, შემდეგ კი სრულად გაანადგურეს.
ამ შემთხვევის გადამოწმება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჩეხეთში „ნოვიჩოკის“ წარმოების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
მილოშ ზემანის თქმით, ბირთვული უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ჩეხეთში წარმოებული ნივთიერება „ნოვიჩოკისგან“ ერთგვარად განსხვავებული იყო.
მილოშ ზემანი ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო დაზვერვის სამსახურები დარწმუნებულები არიან, რომ 2017 წელს ჩეხეთში „ნოვიჩოკი“ დაამზადეს.
„მივიღე დოკუმენტი სამხედრო დაზვერვიდან, სადაც აშკარად ნათქვამია, რომ ნივთიერება А230 „ნოვიჩოკია“. ჩვენთან მცირე ოდენობით „ნოვიჩოკი“ დამზადდა და გამოიცადა, შემდეგ კი განადგურდა. დადგენილია, თუ სად და როდის მოხდა ეს“, – განაცხადა ზემანმა.
რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ბრიტანულმა მხარემ მომხდარიდან მალევე სკრიპალების მოწამვლაში ბრალი რუსეთს დასდო და განაცხადა, რომ მათზე თავდასხმისას ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს.