ჩეხეთის პრეზიდენტმა საავადმყოფო დატოვა და ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა [ვიდეო]

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი საავადმყოფოდან გამოწერეს, მან ახალ პრემიერ-მინისტრი უკვე დანიშნა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ზემანმა შაბათს დატოვა სამხედრო ჰოსპიტალი და საკუთარ რეზიდენციაში გადავიდა.

პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პეტრ ფიალას ჩეხეთის მთავრობის მეთაურად დანიშვნის ცერემონიალი ცოტა ხნის წინ გაიმართა.

ინაუგურაციის ცერემონიალი უჩვეულო ფორმით გაიმართა. ვინაიდან მილოშ ზემანი კვლავ ინფიცირებულია კორონავირუსით, ინაუგურაციის დროს ის მინის ყუთში მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. მანამდე ზემანმა სამ კვირაზე მეტი გაატარა საავადმყოფოში სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების გამო.

ზემანი 11 ნოემბერს დათანხმდა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის გადადგომას. ბაბიშის პარტიამ ოქტომბერში გამართულ არჩევნებში მარცხი განიცადა. თუმცა, მას შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა პრეზიდენტის ავადმყოფობის გამო რამდენჯერმე გადაიდო.