მედიის ცნობით, ჩეხეთის პარლამენტში პრეზიდენტის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხს განიხილავენ
მედიის ცნობით, ჩეხეთის პარლამენტში პრეზიდენტის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხს განიხილავენ

ჩეხური მედიის ინფორმაციით, პარლამენტის ზედა პალატა პრეზიდენტის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხს განიხილავს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ამ საკითხზე მსჯელობა სავარაუდოდ დღეს გაიმართება და ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება.

ზემანი უკვე რამდენიმე დღეა, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ჩეხური მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტი კიდევ დიდხანს თუ დარჩება ჰოსპიტალში, მაშინ ის ვეღარ შეძლებს პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ჩეხეთის ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკების გამართვას.

შექმნილ სიტუაციაში ჩეხი კანონმდებლები პრეზიდენტის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხსაც განიხილავენ.

მილოშ ზემანი 10 ოქტომბრიდან იმყოფება პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. ექიმების თქმით, პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია ქრონიკული დაავადების გართულების გამო გახდა საჭირო. დიაგნოზი პაციენტის მოთხოვნით არ სახელდება.

8-9 ოქტომბერს ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მმართველი პარტია დამარცხდა. ამჟამად ოპოზიციური პარტიების კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს მართავენ.