მილიარდი წელიწადი 40 წამში — დედამიწის ტექტონიკური ფილების გადაადგილების ახალი ანიმაცია #1tvმეცნიერება
მილიარდი წელიწადი 40 წამში — დედამიწის ტექტონიკური ფილების გადაადგილების ახალი ანიმაცია #1tvმეცნიერება

ტექტონიკური ფილები, რომლებიც დედამიწას ფიგურებიანი თავსატეხივით ფარავს, დაახლოებით ფრჩხილების ზრდის სისწრაფით მოძრაობენ. თუმცა, მილიარდობით წლის განმავლობაში ისინი მთლიანი პლანეტის მასშტაბით გადაადგილდებიან, როგორც ამას ახალ ვიდეოში გიჩვენებთ.

ტექტონიკური ფილების ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ მოდელში, მეცნიერებმა მილიარდი წლის მოძრაობა 40-წამიან ვიდეო კლიპში ასახეს. ვიდეო ნათლად ასახავს, როგორ ურთიერთქმედებდა ერთმანეთთან ეს უზარმაზარი კლდოვანი ფილები დროთა განმავლობაში.

ფილების მოძრაობა გავლენას ახდენს კლიმატზე, მოქცევა-მიქცევის მახასიათებლებზე, ცხოველთა გადაადგილებასა და ევოლუციაზე, ვულკანურ აქტივობაზე, ლითონების წარმოქმნაზე და ა. შ. ისინი გაცილებით მეტია, ვიდრე პლანეტის უბრალო საფარი, ეს სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემაა, რომელიც გავლენას ახდენს მისი ზედაპირის ყველა ცოცხალ ბინადარზე.

„პირველად ისტორიაში, შევქმენით ტექტონიკის სრულყოფილი მოდელი, რომელიც ყველა საზღვარს მოიცავს“, — ამბობს დედამიწის მეცნიერი მაიკლ ტეტლი.

მისივე განცხადებით, ადამიანის ცხოვრების განმავლობაში ფილები წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრით გადაადგილდება, მაგრამ როგორც ანიმაციაში ვხედავთ, დროის მსვლელობაში კონტინენტები დედამიწაზე თითქმის ყველგან არის ნამყოფი. მაგალითად, ანტარქტიდა, რომელიც დღეს ცივი, არასტუმართმოყვარე ადგილია, ერთ დროს ეკვატორთან იყო მოქცეული და საკმაოდ კარგი „შვებულების გასატარებელი ადგილიც“ იყო.

ფილების მოძრაობა და ერთმანეთში შეცოცება საკმაოდ სანახაობრივი მოვლენაა, რასაც ვიდეოშიც ხედავთ; ერთმანეთის მეზობელი ხმელეთის მასები დროთა განმავლობაში უშორესი „ბიძაშვილები“ ხდებიან და პირიქით. ალბათ გაგიკვირდებათ, როდესაც აღმოაჩენთ, რამდენად ახალი დაკავებული აქვთ ქვეყნებსა და კონტინენტებს თავიანთ ამჟამინდელი ადგილმდებარეობები.

ამ მოძრაობათა და მათ მახასიათებელთა დადგენა გადამწყვეტია, თუკი მეცნიერებს იმის პროგნოზირება სურთ, რამდენად იქნება ჩვენი პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი მომავალში, და სად შეიძლება ვიპოვოთ ლითონის რესურსები, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება სუფთა ენერგიის საწარმოებლად.

ფილების მოძრაობას ადგენენ გეოლოგიურ ჩანაწერთა შესწავლის გზით — მაგნეტიზმით, რომელიც გვაწვდის მონაცემებს დედამიწის ღერძის მიმართ სუბსტრატების ისტორიული პოზიციის შესახებ და ქანების ნიმუშებში არსებული მასალის ტიპის შესახებ, რომელთა საფუძველზეც, მეცნიერები წარსულის გეოლოგიური ფილის ნაწილებს ერთად უყრიან თავს.

ამ შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა გააერთიანა ამ დროისათვის არსებული ყველაზე შესაფერისი მოდელები, დააკვირდა როგორც კონტინენტების მოძრაობას, ისე ურთიერთქმედებებს ფილებს საზღვრებს გასწვრივ.

„პლანეტა დედამიწა წარმოუდგენლად დინამიკურია ჩვენთვის ცნობილ კლდოვან პლანეტებს შორის; ზედაპირი შედგება ფილებისგან, რომლებიც გამუდმებით ეჯახებიან ერთმანეთს“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი საბინ ზაჰიროვიჩი.

მისივე განცხადებით, ეს ფილები ფრჩხილის ზრდის სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ როდესაც მილიარდ წელიწადს 40 წამში ჩატევთ, თქვენ წინაშე გამოჩნდება მომაჯადოებელი „ცეკვა“. ოკეანეები იხსნება და იხურება, კონტინენტები მიმოიფანტენა და პერიოდულად ისევ ერთიანდება სუპერკონტინენტთა წარმოსაქმნელად.

რაც უფრო შორს მიდიან მეცნიერები წარსულში, მით უფრო რთული ხდება ფილების მოძრაობის დადგენა; ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ფრთხილად დაიტანეს რუკაზე ნეოპროტეროზოულიდან კამბრილამდე პერიოდი (1000 – 520 მილიონი წლის წინანდელი), რათა შესაბამისობაში მოსულიყო ამჟამად ხელმისაწვდომ ჩანაწერებთან.

რჩება კითხვები ამ ფილების თავდაპირველად წარმოქმნის შესახებ, მაგრამ ყოველი ახალი მონაცემი დედამიწის უძველესი ისტორიის უკეთ შესწავლაში გვეხმარება.

მეცნიერები აღიარებენ, რომ მათ ნამუშევარს აკლია რაღაც უფრო მცირე დეტალები, რადგან ის მილიარდ წელიწადს მოიცავს, მაგრამ იმედოვნებენ, რომ გამოსადეგი რესურსი იქნება ფილების მოძრაობისა და მთელ პლანეტაზე ამის გავლენის შემდგომი კვლევებისთვის.

„ჩვენმა ჯგუფმა ბოლო მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის ევოლუციის ყველაზე სრულყოფილი მოდელი შექმნა. ჩვენი პლანეტა უნიკალურია იმით, რომ მასზე სიცოცხლე ყვავის. ეს კი მხოლოდ გეოლოგიური პროცესების წყალობით გახდა შესაძლებელი, მაგალითად, ფილების ტექტონიკით, რამაც პლანეტას სიცოცხლისათვის შესაფერისი სისტემა უბოძა“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი დიეტმარ მიულერი.

კვლევა ჟურნალ Earth-Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.