დედამიწის კონტინენტებმა მოძრაობა შეიძლება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე გვეგონა — ახალი კვლევა
დედამიწის კონტინენტებმა მოძრაობა შეიძლება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე გვეგონა — ახალი კვლევა

დედამიწის კონტინენტები მუდმივ მოძრაობაშია, რაც ჩვენი პლანეტის საკვანძო მახასიათებელია. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო.

მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, დედამიწის ტექტონიკურმა ფილებმა გადაადგილება მხოლოდ მილიარდი წლის წინ დაიწყო, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მთელი ეს პროცესი დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩვენი პლანეტად სულ ახლად დაბადებული იყო.

ამ ორ მოსაზრებას შორის დიდი შეუსაბამობაა და როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც მათ შორის თანხმობა სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ. დღეისათვის, ზოგადად მიჩნეულია, რომ დედამიწის ტექტონიკურმა ფილებმა მოძრაობა დაახლოებით 2,8 მილიარდი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩვენი პლანეტის წიაღში ტემპერატურა 15 მტკიცე ფილისთვის წარმოქმნისთვის ხელსაყრელ ნიშნულს მიაღწია.

მიუხედავად ამისა, მეცნიერებს შორის უთანხმოება მაინც არსებობს. რთულია იმ დროის პირდაპირი მტკიცებულების პოვნა, თუმცა, როგორც დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ქანები ახლა მიუთითებს, ფილებმა მოძრაობა ამჟამად აღიარებულ თარიღზე 400 მილიონი წლით უფრო ადრე დაიწყო.

ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის უძველესი ქანების მაგნეტიზმის ანალიზის შედეგად, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრები აცხადებენ, რომ ტექტონიკური ფილები 3,2 მილიარდი წლის წინ, ან უფრო ადრეც მოძრაობდა.

„არსებითად, ეს გახლავთ გეოლოგიური მტკიცებულების ერთი ფრაგმენტი, რომელიც ფილების ტექტონიკას დედამიწის ისტორიის უფრო ადრეულ ეტაპზე სწევს. აღმოჩენილ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, დიდი ალბათობით, ფილების ტექტონიკის პროცესი ადრეულ დედამიწაზე დაიწყო, რაც მიუთითებს, რომ მაშინდელი დედამიწა იმაზე მეტად ჰგავდა დღევანდელს, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პალეომაგნეტიზმის მკვლევარი ალეკ ბრენერი.

პილბარას კრატონი დასავლეთ ავსტრალიაში, დედამიწის ქერქის ერთ-ერთი უძველესი ნაჭერია და შეიცავს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ორგანიზმთა ნამარხებს. ეს პირველყოფილი უბანი დაახლოებით 500 კილომეტრზეა გადაჭიმული და წარმოქმნილია 3,5 მილიარდი წლის წინ.

კრატონის ერთ-ერთი მონაკვეთის, ბაზალტების გაბურღვისას, მკვლევრებმა გამოიყენეს მოწინავე მაგნიტომეტრები და დემაგნეტიზაციის აღღურვილობა, რათა გაერკვიათ რეგიონის მაგნიტური ისტორია.

მონაცემებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 3,2 მილიარდი წლის წინ, შეინიშნებოდა განედური გადაადგილება ერთი წერტილიდან მეორეში, წელიწადში 2,5 სანტიმეტრით.

მკვლევართა თქმით, სიჩქარის ეს მაჩვენებელი ფილების ამჟამინდელი გადაადგილების მსგავსია და ამავე დროს, წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ უძველეს მაგალითს, რომ დედამიწის ქერქის ფრაგმენტი ზედაპირზე საკმაოდ დიდ მანძილზე გადაადგილდა.

პილბარას კრატონი დასავლეთ ავსტრალიაში — დედამიწის ქერქის ერთ-ერთი უძველესი ნაჭერი.

ამ ეტაპზე მკვლევრებს მეტი არაფრის თქმა შეუძლიათ. მართალია, ცნობილია, რომ ეს ქანები გარკვეულწილად ჰორიზონტალურად გადაადგილდებოდნენ, უცნობია, ეს მოძრაობა ადგილობრივი ეფექტების შედეგი იყო თუ მთლიანი პილბარას კრატონის ბრუნვის. შეიძლება, ადგილი ჰქონდა ამ ორის კომბინაციასაც.

არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, დასაწყისში, დედამიწის ტექტონიკური ფილები ეპიზოდურად მოძრაობდა, თავის შეჩერებებით, რაც მილიარდობით წელიწადს გაგრძელდა, იქამდე, ვიდრე მოძრაობას ამჟამინდელი სახით დაიწყებდა.

შეიძლება, სწორედ ეს იყოს პილბარას 3,35-3,18 მილიარდი წლის წინანდელი მოძრაობის ახსნა. თუმცა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ქრონოლოგია საპირისპიროზე მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები შეიძლება მხარს უჭერდეს ეპიზოდურ მოძრაობებს და არა ფილების მუდმივ მოძრაობას, გეოფიზიკოსი სტივებ სობელოვი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა, აცხადებს, რომ არის კიდევ ერთი ახსნა.

საქმე ის არის, რომ ქერქის ზოგიერთმა რეგიონებმა გადაადგილება და ქვევით მოძრაობა შეიძლება იქ იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე სხვა ზონებში და ამის მიზეზი მეტეორიტის დაცემა ან სხვა რაიმე მძლავრი ძალა გახდა.

ფაქტია, რომ პილბარაში აშკარად ხდებოდა რაღაც დიდი და თუ ეს რაღაც ფართო ტექტონიკური მოძრაობაა, ამ ფაქტს ნამდვილად აქვს მნიშვნელოვანი გამოძახილი დედამიწაზე ჰაბიტატებისა და სიცოცხლის აღმოცენების მხრივ.

გარდა ამისა, ასეთი რამ შეიძლება მოვარგოთ სხვა პლანეტებსაც.

„ამჟამად, დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტური სხეულია, რომელსაც აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული ამ სახის ფილების ტექტონიკა“, — ამბობს ბრენერი.

მისივე თქმით, ეს დიდად სასარგებლო ცნობაა მეცნიერებისთვის, რადგან დედამიწის ფილების ტექტონიკის მთელი პროცესის ახსნას სხვა ვარსკვლავურ სისტემათა პლანეტებზე ვეძებთ.

„ამ აღმოჩენის საშუალებით, შესაძლებლობა გვექნება გავიგოთ, რამდენად არის შესაძლებელი ფილების ტექტონიკა ხდებოდეს სხვა პლანეტებზეც, რადგან ეს პროცესი უდიდეს კავშირშია სიცოცხლის ევოლუციასთან და კლიმატის სტაბილიზაციასთან“, — აღნიშნავს ჰარვარდის უნივერსიტეტის პალეომაგნეტიზმის მკვლევარი ალეკ ბრენერი.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი