ბოლომდე გაურკვეველი გეოლოგიური ფენომენის გამო, ატლანტის ოკეანე ყოველწლიურად სიგანეში იზრდება — #1tvმეცნიერება
ბოლომდე გაურკვეველი გეოლოგიური ფენომენის გამო, ატლანტის ოკეანე ყოველწლიურად სიგანეში იზრდება — #1tvმეცნიერება

ოკეანეები მუდამ ერთნაირი ზომის არ არის. მეცნიერთა შეფასებით, ატლანტის ოკეანე ყოველწლიურად რამდენიმე სანტიმეტრით უფრო განიერი ხდება. ამავე დროს, წყნარი ოკეანე ზომაში იკლებს.

ოკეანეების ასეთი ნელი გადაადგილება დედამიწის ტექტონიკური ფილების მოძრაობით არის განპირობებული, რადგან ამერიკის კონტინენტის ქვეშ არსებული ფილა ევროპისა და აფრიკის ქვეშ გაწოლილ ფილას შორდება.

ჯერ სრულად არაფერი ვიცით იმ გეოფიზიკური ძალების შესახებ, რომლებიც სიღრმეში ამ პროცესებს განსაზღვრავენ, მაგრამ ახლახან, მკვლევრებმა სავარაუდოდ გამოავლინეს ამ პროცესის განმაპირობებელი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ახალ კვლევაში, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შუაოკეანური ქედები — მთის მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც ზღვის ფსკერზე ტექტონიკურ ფილებს შორის ჩნდება, შეიძლება იმაზე მეტად იყოს ჩართული დედამიწის ქერქის სიღრმეში, მანტიის ზედა და ქვედა ფენებს შორის მასალების ურთიერთგადაცემაში, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.

„ამჟამად ყველა თანხმდება, რომ გაცვლა-გამოცვლა ჩაძირვად ფილებთან და ამომავალ ჭავლებთან ხდება, მაგრამ არავის მიაჩნდა, რომ ამ პროცესში შუაოკეანური ქედებიც შეიძლება გარკვეულ როლს ასრულებდეს. თუმცა, ადგილზე ჩატარებული გაზომვები ამ მიდგომას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან მიუთითებს იქ არსებულ მჭიდრო დაძაბულობაზე“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ბრიტანეთის საუტჰემპტონის უნივერსიტეტის სეისმოლოგი მეთიუ ეგიუსი ხელმძღვანელობდა.

ჩვენს ცოდნაში არსებული ამ სიცარიელის შესავსებად, მკვლევრებმა ატლანტის ოკეანის ფსკერზე 39 სეისმომეტრი განათავსეს, რომლებსაც შუაატლანტიკური ქედის ქვეშ სეისმური მოძრაობები უნდა ჩაეწერა; ამ წყალქვეშა ქედზე გადის საზღვარი, რომელიც ამერიკას ტექტონიკურად გამოყოფს ევროპისა და აფრიკისგან.

ექსპერიმენტის დროს ჩაწერილი სეისმური მონაცემები თვალყურს ადევნებდა მატერიის დინებას მანტიის გარდამავალ ზონაში, რომელიც ზედა და ქვედა მანტიას შორის არის გაწოლილი; მონაცემებმა ჯგუფს მატერიის გაცვლა-გამოცვლის სურათი ზედაპირიდან 660 კმ სიღრმეშიც კი მისცა.

შედეგები მიუთითებს, რომ ქიმიურ ნივთიერებათა აპველინგი (ამოწევა ზედაპირზე) შუაოკეანური ქედის მხოლოდ თავთხელი სიღრმეებით არ შემოიფარგლება; ეს პროცესი მიმდინარეობს მანტიის გარდამავალი ზომის ყველაზე ღრმა მისადგომებშიც კი, ანუ, ქვედა მანტიის მასალები ზემოთ ამოდის.

„დაკვირვებები მიუთითებს მატერიის ტრანსფერზე ქვედა მანტიიდან ზედაში, განგრძობადად ან წყვეტებით და ირკვევა, რომ ეს პროცესი შუაოკეანურ ქედთან არის დაკავშირებული“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, შუაოკეანური ქედის სისტემის სიგრძისა და ასაკიდან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ მთლიანი მანტიის კონვექცია შეიძლება უფრო მეტად იყოს გაბატონებული, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.

მართალია, უკვე ცნობილი იყო, რომ შუაოკეანურ ქედს გარკვეული წვლილი ჰქონდა ზღვის ფსკერის გაჭიმვის ფენომენში, მაგრამ ახალი აღმოჩენები აჩვენებს, რომ ამ ყველაფერში ჩართული ზოგადი პროცესები დედამიწის სიღრმეში იმაზე გაცილებით შორს მიდის, ვიდრე წინა გაზომვები მიუთითებდა; ამავე დროს, ეს პროცესი შეიძლება ზღვის ფსკერის იმ ზონებშიც მიმდინარეობს, სადაც არ აღინიშნება ფილების აშკარა სუბდუქცია.

„ჩვენი კვლევა უარყოფს დიდი ხნის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შუაოკეანური ქედი ფილების ტექტონიკაში მხოლოდ პასიურ როლს თამაშობდა. მონაცემები მიუთითებს, რომ ისეთ ადგილებში, როგორიც არის ატლანტის ოკეანის შუაგული, წყალქვეშა ქედთან არსებული ძალები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახლად წარმოქმნილი ფილების ერთმანეთისგან დაშორებაში“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, გეოფიზიკოსი მაიკ კენდალი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.