მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით, ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.