მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელისთვის იზოლატორში ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელისთვის იზოლატორში ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელისთვის, ლევან ზურაბაშვილისთვის ზაჰესის დროებითი მოთავსებით იზოლატორში ამ წუთებში ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

ზურაბიშვილთან იზოლატორში უკვე მივიდნენ მისი ინტერესების დამცველები. ირმა ჭკადუას თქმით, უკვე ცნობილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ზურაბაშვილს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის მომენტში, ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.

„ჩვენთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ იარაღი არ ჰქონდა და ექსპერტიზის შედეგი არ იყო ახალი. არ ვიცი, ბრალი რა ნაწილში დაზუსტდა და ამ წუთას რა მუხლით წარედგინება. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ლევან ზურაბაშვილს არ ჰქონია ცეცხლსასროლი იარაღი და აღნიშნული მუხლის არსებობას არ ვეთანხმებით. დაზარალებულები ამბობენ, რომ ვინც თხოვა დაეტოვებინა აღნიშნული ადგილი, მან მისცა ამის უფლება. გამოძიებისთვისაც მნიშვნელოვანი დეტალებია დადგენილი, რა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა“,- განაცხადა ჭკადუამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. არის დაკავებული. ​მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში ის 20 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი