მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე კახა ბაინდურაშვილი იკითხება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მოწმის სახით იკითხება.
კახა ბაინდურაშვილი ბრალდების მხარის მოწმეა. როგორც ცნობილია, ბრალდების მიერ დასახელებულ პერიოდში კახა ბაინდურაშვილს, როგორც ფინანსთა მინისტრს, სააკაშვილთან და ჯანაშიასთან შეხვედრა ჰქონდა. მოწმის სახით დაკითხვისას მხარეები მას შეკითხვებს სწორედ ამ შეხვედრის ირგვლივ დაუსვამენ.
კახა ბაინდურაშვილის მოწმედ დაკითხვა გაუგებარია ბრალდებულ თემურ ჯანაშიასთვის.
„პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ მოწმედ მოჰყავს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც მრავალჯერ შეასრულა პრეზიდენტის განკარგულება და სარეზერვო ფონდიდან გამოყო საბიუჯეტო თანხები, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. მეტიც, ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის გარეშე, წლის ბიუჯეტშიც ჩაუდო იგივე მიზნობრიობით თანხები. ცხადია, სდსს-ს უფროსებმაც შესაბამისად შეასრულეს პრეზიდენტის განკარგულება და მიზნობრივად დახარჯეს ეს თანხები“, – განაცხადა ჯანაშიამ სხდომის დაწყებამდე.