საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ლევან ფხალაძე მოწმის სახით დაიკითხა.

სახელმწიფო ბრალდების თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ მის მიერ გაწეული იყო ფარული ხარჯი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახისთვის ტექნიკის ყიდვის მიზნით.

„მოწმის ჩვენებით, მისთვის უცნობია, თუ რატომ მოხდა შესყიდვა. მისივე თქმით, ეს არ ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების ღონისძიებებს“, – განაცხადა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.

განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია. ბექა ბასილიას თქმით, გაწეული ხარჯები კანონიერად განხორციელდა.

„მოწმემ დაადასტურა, რომ ოფიციალური ღონისძიებები ტარდებოდა, სადაც გაიწეოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გარკვეული ხარჯები. კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ სდსს მიერ გაღებულ რვა მილიონ 200 000 ლარის ხარჯი, რაც მიხეილ სააკაშვილსა და ჯანაშიას აქვს ბრალში წარდგენილი, ეს არის თუ არა ლეგალური, მოწმის პასუხებით დადასტურდა, რომ ნამდვილად არის. სხვა ხარჯის გაწევის მექანიზმი ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა გარდა იმისა, რომ ოპერატიული თანამშრომლის მხრიდან პატაკით ყოფილიყო ეს თანხა ჩამოწერილი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმეს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული სიუჟეტი დაერთოს, სადაც საუბარია, რომ დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხარჯებს იმავე წესით გასწევს, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის დროს იყო. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ სასამართლო ახლა მხოლოდ იმ პერიოდში მიმდინარე საქმეს განიხილავს.

საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.

მომდევნო სხდომა, 4 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.