საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ქველიძე დაიკითხა
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ქველიძე დაიკითხა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ქველიძე დაიკითხა. სახელმწიფო ბრალდების თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ გაწეული ხარჯები უსაფრთხოების ღონისძიების ამაღლებაში არ შედიოდა.

„საქათველოს კანონით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, აკრძალული იყო სდსს ზედმეტი ფუნქციის დაკისრება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, მან მიიღო მითითება სდსს საბიუჯეტო სახსრებიდან დაეხარჯა თანხა საქართველოს პრეზიდენტის პირადი ხარჯებისთვის. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ხარჯები არ შედიოდა უსაფრთხოების ღონისძიების ამაღლებაში და არანაირად არ გამომდინარეობდა კანონიდან“, – განაცხადა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.

განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია.

„მოწმემ მკაფიოდ თქვა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის პრეზიდენტის მითითებები, მათ შორის წერილობითი განკარგულებები შესასრულებლად სავალდებულოა და ერთი შემთხვევა არ ყოფილა სდსს მის წინააღმდეგ წასულიყო. რაც შეეხება ხარჯების ნაწილს, მან თქვა, რომ ამ ხარჯების გაწევა სდსს კომფორტული არ იქნებოდაო და მანამდე ამ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაწევდაო, ანუ აქ გაფლანგვაზე საუბარი არც შეიძლება იყოს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამავე საქმის ფარგლებში გამოყოფილ საქმეზე, ოთარ ქვლივიძე 2019 წლის 1 მარტს პასუხისგებაში მიეცა. მას საგამოძიებო უწყება სდსს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.

მომდევნო სხდომა 3 ივნისისთვის ჩაინიშნა.