პროკურორი აცხადებს, რომ თავად ადვოკატების მოთხოვნა იყო, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სხდომები წინასაარჩევნო ეტაპის დასრულებამდე არ ჩანიშნულიყო
პროკურორი აცხადებს, რომ თავად ადვოკატების მოთხოვნა იყო, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სხდომები წინასაარჩევნო ეტაპის დასრულებამდე არ ჩანიშნულიყო

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის განცხადებით, ადვოკატების მოთხოვნა იყო, ვიდრე არ დასრულდებოდა წინასაარჩევნო ეტაპი, სხდომები არ ჩანიშნულიყო, რადგან ამას დაუკავშირებდნენ სასამართლოს მხრიდან ბრალდებულ თემურ ჯანაშიას მიმართ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე კი ითხოვდა, პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელებულიყო.

პროკურორის განმარტებით, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება არჩევნების შემდეგ.

„ადვოკატები დიდი ხანია, ამბობენ, რომ ე.წ. 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე არ ინიშნება სასამართლო სხდომები, თუმცა ამის რეალური მიზეზი გახლავთ თავად ადვოკატების მოთხოვნა, სადაც მათ პირდაპირ მიუთითეს, რომ ამ საქმეზე პროცესის ჩანიშვნას ისინი დაუკავშირებდნენ სასამართლოს მხრიდან ბრალდებულ თემურ ჯანაშიას მიმართ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას.

ადვოკატების მოთხოვნა იყო, რომ ვიდრე არ მორჩებოდა წინასაარჩევნო ეტაპი, სხდომები არ ჩანიშნულიყო. სასამართლოს მხრიდან სხვაგვარ გადაწყვეტას ბრალდებულის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევად აღიქვამდნენ. ბრალდებას სხვა პოზიცია ჰქონდა ამ მოთხოვნაზე და ვითხოვდით, რომ ჩვეულებრივად გაგრძელებულიყო. ეს საქმე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.