მიხეილ ჯანელიძემ OSCE/ODIHR-ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელთან, კორინ იონკერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ს არჩევნებზე დამკვირვებელთა მოვლინებისთვის და ხაზი გაუსვა აღნიშნულ ინსტიტუტთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადგილობრივ არჩევნებსა და ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობაზე. აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, ხოლო ფუნდამენტური უფლებები მთელი ამ პროცესის განმავლობაში ძირითადად დაცული.
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისია ქვეყანაში საქართველოს მთავრობის მოწვევით იმყოფებოდა. მისია 2017 წლის 13 სექტემბერს შეუდგა მუშაობას და მონიტორინგი გაუწია წინასაარჩევნო პროცესს, აგრეთვე, არჩევნების პირველი და მეორე ტურის მიმდინარეობას.