მიხეილ ჯანელიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წარადგინა
მიხეილ ჯანელიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წარადგინა

ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ევროპულ შესაბამის ინსტიტუტებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს, რათა ჩვენ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, რომელიც ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან წევრობას უკავშირდება. საქართველო ევროკავშირთან დღეს არის იმაზე ახლოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა და წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რის შედეგადაც ქვეყანა დღეს აღიარებულია როგორც ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპული ტრანსფორმაციის კუთხით.

„ჩვენი ამბიცია უკავშირდება მეტ ინტეგრაციას, შეიქმნას მეტი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის. ასევე, ჩვენი ამბიციაა გავეჯიბროთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მდგომ სახელმწიფოებს და დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო მზად არის უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც სჭირდება, რომ ევროკავშირმა მიიღოს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ქვეყნის პროგრესი და განვითარების ეს ეტაპი  იძლევა საშუალებას, რომ დაისახოს საქართველოს საგზაო რუკა და შეიქმნას გეგმები შემდგომი ინტეგრაციისთვის.

„ეს გეგმები არ უკავშირდება მხოლოდ პოლიტიკური ინტეგრაციის მიზანს, ეს გეგმები ემსახურება მეტი შესაძლებლობების შექმნას, ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებმა საქართველოს  მოსახლეობისთვის კონკრეტული სარგებელი მოიტანა, რაც გამოიხატა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაში (DCFTA), რომლის ამოქმედების შემდგომაც ევროკავშირი საქართველოსთვის გახდა ნომერ პირველი სავაჭრო  პარტნიორი. მომხსენებლის განცხადებით, ეს აისახა კონკრეტულ მეწარმეებზე, ფერმერებზე, სოფლად მცხოვრებლებზე, სადაც ევროკავშირის მხრიდან მოდის ძალიან დიდი დახმარება და ის უკავშირდება საწარმოებში ევროპული სტანდარტების დანერგვას, პროდუქციის ხარისხის ამაღლებას და იმ სტანდარტის დაკმაყოფილებას, რომელიც მისაღებია როგორც ევროკავშირის ბაზრისთვის ასევე, საერთაშორისო ბაზრებისთვის.

„მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვის ზრდა არამედ ის ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხრიდან საქართველოში. ეს ეხება როგორც კერძო ინვესტიციებს ასევე, ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყოფილ სოლიდურ დახმარებას საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისათვის. „ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოდ დგას სწორ გზაზე, ჩვენ ვახორციელებთ სწორ რეფორმებს და საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, საზოგადოებას, შესწევს უნარი გადადგას კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულ წარმატებებზე საუბრისას, ვიცე პრემიერმა ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედებაც აღნიშნა.

„ამ შედეგის მისაღწევად პარლამენტისა და საზოგადოების მხარდაჭერით ბევრი რეფორმა განხორციელდა. სწორედ ამ რეფორმების განხორციელებამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოგვცა საშუალება მიგვეღო თავისუფალი გადაადგილება, რომლითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე 300 000-მა ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლა. ეს იყო დიდი თავისუფლება ჩვენი მეწარმეებისთვის, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, იყო შესაძლებლობა ასევე, იმ პროგრამების ასათვისებლად, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მოქმედებს საქართველოში და რომელშიც ჩვენ ჩართული ვართ. ეს არის ის პრაქტიკული სარგებელი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ეძლევათ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მომხსენებელმა სექტორული ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდა ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, რითაც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ქვეყნის სტრატეგიული როლი. მისი თქმით, ვითარდება ახალი ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები. „ჩვენი მონაწილეობა ამ გაერთიანებაში არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სატრანზიტო როლის გასაძლიერებლად არამედ, ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განსახორციელებლად, ჩვენთან მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად და იმ დიდი რესურსის მოსაზიდად, რომელიც შეიძლება ევროკავშირიდან იქნას მოზიდული იმისთვის, რათა განვითარდეს ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებები, ჩვენი ენერგეტიკა გახდეს უფრო მდგრადი და მოსახლეობას შეექმნას უფრო მეტი შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა. მან იმ ახალ ეტაპზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ევროკავშირი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ინტეგრაციის კუთხით იწყებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ეტაპზე კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ ევროკავშირის ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესში. გასულ წელს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში. ეს არის უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ფორმატი და ჩვენ ამ ფორმატის ფარგლებში, უკვე ვახდენთ იმ მიმართულებების იდენტიფიცირებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია, როგორც ჩვენი ქვეყნის ასევე, რეგიონისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებისთვის. უსაფრთხოების კონტექსტში ჩვენ უკვე ვართ კონტრიბუტორი არა მარტო ჩვენ რეგიონში არამედ, მსოფლიოს მასშტაბით, და ჩვენ ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა სხდომაზე, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ROADMAP2EU  კონცეფცია წარადგინა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა.

ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის დევიზია – „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“. დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისათვის.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა დაეყრდნობა შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:

ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, სრული და ეფექტიანი იმპლემენტაცია;

ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება;

დემოკრატიული განვითარება და სექტორული ინტეგრაცია;

ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის გაღრმავება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში;

ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაფართოება;

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების განხორციელება;

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის ანალიზი და  შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების საერთო კოორდინაციას განახორციელებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია, ასევე მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი და თემატური სამუშაო ქვეჯგუფები.  საგზაო რუკის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, დოკუმენტის შემუშავების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფართოდ იქნებიან ჩართულნი, საქართველოს პარლამენტი, ასევე აკადემიური,ბიზნეს წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების  დაინტერესებული წარმომადგენლები.

„დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო დოკუმენტი – საგზაო რუკა, რომელიც იქნება შეჯერებული, შეთანხმებული და ექნება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, იქნება ის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ახალ ეტაპზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში და გაუხსნის შესაძლებლობებს იმ საბოლოო მიზნისკენ, რომელიც არის ჩვენი სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ როდის გეგმავს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანას. კითხვები ასევე, საგზაო რუკასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას, უკრაინასთან მიმართებაში ევროპულ სანქციებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა.

მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ვიცე პრემიერმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია წარადგინა.