მიხეილ ჯანელიძემ ანტონიო გუტიერეშთან არჩილ ტატუნაშვილის საკითხი განიხილა
მიხეილ ჯანელიძემ ანტონიო გუტიერეშთან არჩილ ტატუნაშვილის საკითხი განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა.

საგარეო უწყების ცნობით, ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს და ხაზი გაუსვა მომხდარზე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაერო-ს შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომხდარზე და აღნიშნა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ ეს მორიგი ფაქტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

როგორც მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, იგი კარგად იცნობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ პრობლემატიკას.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომის მნიშვნელობას და გამოხატა შემდგომი მხარდაჭერა ამ პროცესისადმი, კერძოდ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურებისა და ფორმატის გაძლიერების აუცილებლობას. ანტონიო გუტიერეშმა დაადასტურა, რომ გაერო მომავალშიც გააგრძელებს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული განვითარების გზაზე, მინისტრმა გენერალურ მდივანს ასევე გააცნო ღია მმართველობის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ინიციატივები და პრიორიტეტული სფეროები. მიხეილ ჯანელიძემ გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.