მიხეილ ჯანელიძე - SGS-სთან კონტრაქტის ფარგლებში, ტვირთების გადასაზიდად სამი კორიდორი მოეწყობა
მიხეილ ჯანელიძე - SGS-სთან კონტრაქტის ფარგლებში, ტვირთების გადასაზიდად სამი კორიდორი მოეწყობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, ტვირთების გადასაზიდად სამი კორიდორი მოეწყობა.

როგორც ჟურნალისტებს ჯანელიძემ განუცხადა, საქართველოს საზღვარი აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ყველა პარტნიორი, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს საზღვრებს აღიარებს.

„რაც შეეხება შეთანხმებას, ეს საზღვრებს არ ეხება, სავაჭრო კორიდორებს ეხება და გაფორმებული დოკუმენტი, მხოლოდ იმპლემენტაციის კონტრაქტია იმ ძირითადი შეთანხმების, რომელიც 2011 წელს რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს გაფორმდა. ეს ხელშეკრულება ყველასთვის კარგად ცნობილია და ამ შემთხვევაში დამატებით ვალდებულებებს არ გულისხმობს. კონტრაქტის მიხედვით, კერძო კომპანია ვალდებულია, მოახდიოს მონიტორინგი იმ პირობების შესაბამისად, რაც 2011 წელს დაფიქსირებულია“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის განმარტებით, კორიდორების განლაგება გეოგრაფიული კოორდინატებით არის განსაზღვრული.

„დოკუმენტი არსებობს, რომელიც ამ კოორდინატებს განსაზღვრავს. საქართველოს გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, კორიდორებში რა სახის ტვირთები იმოძრავებს, რა დროს და რა შემთხვევაში. ეს არ არის დაკავშირებული შვეიცარიულ კომპანიასთან. ეს კომპანია ვალდებულია, ყველა საერთაშორისო ტვირთი აღრიცხოს, რომელიც გადაადგილდება კორიდორში. ეს იქნება ფორსმაჟორში თუ რეგულარულ რეჟიმში, მონიტორინგი ყველა ტვირთის აღრიცხვას გულისხმობს. სამი კორიდორია – ერთი არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, მეორე – ლარსზე და მესამეა – ცხინვალის ტერიტორიაზე. სამივე კორიდორი საზოგადოებისთვის ცნობილია“, – განაცხადა ჯანელიძემ.