მიხეილ ჯანელიძე - საქართველო ნატო-სთან არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც დღესაა
საქართველო ნატო-სთან არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა. როგორც დღესაა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნამდე განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, დღევანდელ ფორუმზე საუბარი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს შეეხება.
„ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ვისაუბრებთ. საქართველო ნატო-სთან არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც დღესაა. პროგრესი, რომელიც ჩვენ მიღწეული გვაქვს წევრობის გზაზე, ინტეგრაციის პროცესში, ნატო-ს მხრიდან შესაბამისად შეფასებულია და დარწმუნებული ვარ, იგი ასევე 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და პრაქტიკულ თანამშრომლობაში აისახება.
საქართველოს მიზანი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სრულფასოვანი წევრობაა. ჩვენ ასპირანტი ქვეყანა ვართ და ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც წევრობამდე მიგვიყვანს. თითოეული ჩვენი ქმედება და სამიტი იმას მოემსახურება, რომ ამ გზაზე საქართველოს წინსვლა დაფიქსირდეს და ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდეს”,- განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში განიხილავენ ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ანტიდასავლური პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეები.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით „ნატოს დღეები 2018“ წარმატებით ჩატარდა, რომლის შემადგენელი ნაწილი უკვე მესამე წელია ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გახდა. ეს ფორუმი წელს მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტების, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების და ნატო-ს წარმომადგენლობით გამოირჩევა. გახსნით ღონისძიებაში და პანელებში მონაწილეობას ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საკითხები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს ანტიდასავლური პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეებია. ეს საფრთხეები მთლიანად ევროატლანტიკური სივრცისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში ჩვენ, საქართველო ნატო-სთან და პარტნიორებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ორი დღის განმავლობაში მსჯელობა ამ საკითხებზე გვექნება“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
თბილისში დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი გაიხსნა.