მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მეზობლებისა და პარტნიორების შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასებაში არ უნდა შევიდეს
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მეზობლებისა და პარტნიორების შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასებაში არ უნდა შევიდეს

საქართველო მეზობლების, მეგობრებისა და პარტნიორების შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასებაში არ უნდა შევიდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მიხეილ ჯანელიძემ გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის კითხვას უპასუხა, თუ როგორ უნდა მოაგვაროს საქართველომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობები ისე, რომ ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები არ დაირღვეს და მეორე მხრივ, სტრატეგიული პარტნიორები არ დაიკარგოს, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნებში თავს დისიდენტებად მიიჩნევენ, საქართველოში ჩამოდიან.

მისი თქმით, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ რეგიონული და ბევრად დიდი მნიშვნელობის მქონე პროექტებს ვავითარებთ და ჩვენი თანამშრომლობა არა მხოლოდ ჩვენი, სამი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონისთვის და ევროპისთვის“, – განაცხადა ჯანელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, თურქეთი ნატო–ს წევრი ქვეყანაა. ნატო–ს წევრობა კი, პირველ რიგში, დემოკრატიასთანაა დაკავშირებული.

„შესაბამისად, ეს ამ მოცემულობას განსაზღვრავს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყანასთან ჩვენ მრავალმხრივ ფორმატებში, იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობაში ვართ ჩართული და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ევროპასთან კავშირებს ერთად ვავითარებთ“, – განაცხადა ჯანელიძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება შეფასდეს 2017 წლის 23 მაისს, ემრე ჩაბუკის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ბათუმის აეროპორტში თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის ჩამოფრენა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აეროპორტშივე შეხვდა, მიხეილ ჯანელიძემ თქვა, რომ ეს ბინალი ილდირიმის მეგობრული, გავლითი ვიზიტი იყო.

„თურქეთის პრემიერ-მინისტრი ტრაპიზონში მიემგზავრებოდა და უბრალოდ, ბათუმის აეროპორტში ჩამოფრინდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა და მათ შორის მეგობრული შეხვედრა შედგა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.