ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, ბევრი ნაბიჯი გადავდგით და დღეს აღიარებული ვართ, როგორც ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპული ტრანსფორმაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თუმცა მისი თქმით, ამბიცია უკავშირდება არა უბრალოდ ლიდერობის აღიარებს, არამედ მეტ ინტეგრაციას, რათა მეტმა ინტეგრაციამ მეტი შესაძლებლობა შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის.
როგორც მიხელ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპული ინტეგრაცია და ევროპულ შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რათა მიიღწეს საბოლოო მიზანი, რაც უკავშირდება ევროკავშირში საბოლოო წევრობას.
„საქართველო დღეს არის იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, ძალიან წარმატებული ნაბიჯი გადავდგით და დღეს აღიარებული ვართ, როგორც ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპული ტრანსფორმაციის კუთხით, მაგრამ ჩვენი ამბიცია უკავშირდება არა უბრალოდ ლიდერობის აღიარებს, არამედ მეტ ინტეგრაციას, რათა მეტმა ინტეგრაციამ შექმნას მეტი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ამბიციაა, რომ გავეჯიბროთ გაწევრიანების გზაზე მდგომ სახელმწიფოებს, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო არის მზად და იქნება მომავალში მზად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს. სწორედ ეს პროგრესი, სწორედ განვითარების ეს ეტაპი იძლევა საშუალებას, რომ დავსახოთ საგზაო რუკა, შევქმნათ გეგმები შემდგომი ინტეგრაციისთვის. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს გეგმები არ უკავშირდება მხოლოდ პოლიტიკური ინტეგრაციის მიზანს, ეს ემსახურება მეტი შესაძლებლობების შექმნას ჩვენი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესმა მოიტანა კონკრეტული სარგებელი მოსახლეობისთვის, ეს გამოიხატა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაში, რომლის ამოქმედების შემდეგაც ევროკავშირი გახდა ნომერ პირველი პარტნიორი საქართველოსთვის.
“კონკრეტული სარგებელი აისახა მეწარმეებზე, ფერმერებზე, სოფლად მცხოვრებლებზე, სადაც ძალიან დიდი დახმარება მოდის ევროკავშირის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვის ზრდა, არამედ ის ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ეს ეხება კერძო ინსტიტუტებს. ევროკავშირის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველო აღიარა როგორ დასავლური ინტეგრაციის ლიდერად. მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებლით, ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენ ვართ ლიდერ ქვეყნებს შორის. ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ასეულობით მილიონ ინვესტიციას ახორციელებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში. მნიშვნელოვანია ასევე ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც მოდის ევროკავშირის მხრიდან. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ათვისების მაჩვენებელი გვაქვს ევროპული დახმარების. ეს მეტყველებს მხოლოდ ერთზე, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე, საქართველო ახორციელებს სწორ რეფორმებს და საქართველოს მთვრობას პარლამენტს, საზოგადოებას შესწევს უნარი გადადგას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხდა მინისტრმა.
როგორც მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, კონკრეტული სარგებლის კუთხით აღსანიშნავია ვიზალიბერალიზაცია, რომლის მისაღწევად ბევრი რეფორმა განხორციელდა პარლამენტისა და საზოგადოების მხარდაჭერით.
„სწორედ რეფორმების განხორციელებამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოგვცა ის, რომ მიგვეღო თავისუფლება. ამ თავისუფლებით 300 ათასჯერ ისარგებლებს ჩვენმა მოქალაქეებმა. ერთი წლის განმავლობაში, ეს იყო დიდი თავისუფლება ჩვენი მეწარმეებისთვის, იყო შესაძლებლობა კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის, განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის და იყო შესაძლებლობა ასევე იმ პროგრამების ასათვისებლად, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მოქმედებს ჩვენთან, რომელშიც ჩვენ ჩართული ვართ, მაგალითად „ერაზმუს პლუსი“. პროექტი რომელის არის მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობების მომტანი ჩვენი განათლების სფეროსთვის. 41 უმაღლესი სასწავლებელი არის ჩართული „ერაზმუს პლუსის“ პროექტში. გასულ წელს დაახლოებით 800-მდე სტუდენტმა და პროფესორ-მასწავლებელმა ისარგებლა იმ გაცვლით პროგრამებით, რომელიც პროექტით არის მონიჭებული. ასევე საქართველოს უნივერსიტეტშიც ჩამოდიან ევროპელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები და ეს საფუძველს უდებს ძალიან ღრმა საგანმანათლებლო სფეროში ინტეგრაციას ევროკავშირთან”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პროექტი, „ჰორაიზონ 2020“ , რომელიც კონკრეტულ სამეცნიერო პროექტებისა და ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ეხება.
„უკვე ათეულობით პროექტია წარდგენილი მის ფარგლებში, ისევე როგორც „კრეატიული ევროპა“, რომელიც ემსახურება კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაერთიანებას. ეს არის ის პრაქტიკული სარგებელი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ეძლევათ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებული შედეგები გვქონდა გასულ წელს, თუნდაც სექტორალური ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ გავხდით ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და ამით კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ სტრატეგიული როლი, ევროკავშირთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ვითარდება ახალი სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტები და ევროკავშირისთვის საქართველო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ენერგოტრანზიტს ქვეყანას და ჩვენი მონაწილეობა ამ გაერთიანებაში არის მნიშვნელოვანი. იგი მნიშვნელოვანია არა მარტო სატრანზიტო როლის განსავითარებლად, არამედ ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განსახორციელებლად. ჩვენთან მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად და იმ დიდი რესურსის მოსაზიდად, რომელიც შესაძლოა ევროკავშირიდან იქნას მოზიდული”, – აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ბევრი რეფორმა ხორციელდება ასევე სხვა მიმართულებით, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფორმატი, რომელიც ჩამოყალიბდა გასულ წელს.
მისივე თქმით, ევროკავშირის იწყებს ახალ ეტაპს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ინტეგრაციის კუთხით, თვითონ ევროკავშირის შიგნით და საქართველოს მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ეტაპზე ჩაერთო ევროკავშირის ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
„შესაბამისად ჩვენ გასულ წელს ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგი უსაფრთხოებაზე. ჩვენ ამ ფორმატის ფარგლებში ვახდენთ იმ მიმართულებების იდენტიფიცირებას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები, რომელიც იდგმევა უსაფრთხოების სფეროში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, როგორიც არის ევროპოლი, ევროჯასტი, ვაძლიერებთ ჩვენს ინტეგრაციულ პროცესს ჩვენს პატრტნიორებთან“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.