მიხეილ ჯანელიძე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს წარადგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებს წარადგენს.
მინისტრი ღონისძიებების შესახებ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ისაუბრებს. შეხვედრა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
„საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს მედიის წარმომადგენლებთან და მათ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით დაგეგმილ ღონისძიებებს გააცნობს.
აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100- ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტოგამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა, მათი მონაწილეობით ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა.
100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო ლექციების, ისტორიული ექსპონატების გამოფენებს და ღია კარის დღეების ციკლს მიუძღვნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. სამინისიტროს მიზანია, საიუბილეო თარიღის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ამავე თემაზე სხვადასხვა სახის სამეცნიერო ნაშრომების შექმნას.
სამინისტროს ეგიდით საზეიმო ღონისძიება გაიმართება რაბათის ციხეში, სამცხე-ჯავახეთში.
საიუბილეო თარიღი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ორმაგი დატვირთვის მატარებელია, რადგან უწყებას თავადაც უსრულდება 100 წელი, ამ თარიღთან დაკავშირებით სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს დიპლომატიური მუზეუმის ექსპოზიციას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.