მიხეილ ჯანელიძე - საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა აშშ-ის მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე
2017 წელი არის განსაკუთრებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებებზე, სადაც საუბარია აშშ-ის მხრიდან საქართველის ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერაზე.
„აშშ-სთან გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. აშშ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდამჭერი. ეს არის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგი. მოგეხსენებათ, რომ კონსულტაციები იმართება ყველა ფორმატში. შესაბამისად, ეს წელი არის განსაკუთრებული საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში. გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამ ორი დღის განმავლობაში, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა აშშ-ის მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ჯერ ბრიუსელში, შემდეგ კი ვენაში გამოხატა აშშ-ის ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
ასევე, აღნიშნა, რომ „უნდა დავგმოთ რუსეთის ძალისხმევა, ხელი შეუშალოს საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში წვდომას“.