მიხეილ ჯანელიძე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას შეაჯამებს
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი დღეს სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ცენტრის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ისაუბრებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ეფექტიური კომუნიკაციის როლსა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე. ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიშს კი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძე წარადგენს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პუბლიკაციის „გზამკვლევი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ პრეზენტაცია.
საგარეო უწყების ინფორმაციით, 2017 წელს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და პარტნიორობით 400-მდე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება გაიმართა და მათში მონაწილეობა 28 000-მდე ადამიანმა მიიღო.