მიხეილ ჯანელიძე - მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას
მიხეილ ჯანელიძე - მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდარი დიდი ტრაგედია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მძიმე შედეგია. ამის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ამოქმედდა ცხელი ხაზი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადმოცემულ იქნას გარდაცვლილის ცხედარი. ასევე, შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით, მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამ პროცესში ჩართულნი არიან საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. მომხდარი ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის.

ამასთან ერთად მინდა განვაცხადო, რომ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ შეიქმნას საერთაშორისო ჰუმანიტარული ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მექანიზმები. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად სასწრაფოა ასეთი საერთაშორისო მექანიზმების შექმნა“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, პროვოკაციული მოქმედებების მიუხედავად, საქართველო არ გადაუხვევს თავის სამშვიდობო პოლიტიკას.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის ამ პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას და გავაგრძელებთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისკენ. ვერანაირი დაბრკოლება და პროვოკაციული ქმედებები ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესს, რომელიც გააერთიანებს და შეარიგებს ჩვენს საზოგადოებებს და არ მისცემს საოკუპაციო რეჟიმს აღნიშნულის ხელის შეშლის საშუალებას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.