მიხეილ ჯანელიძე - მაიკ პენსთან შეხვედრაზე სიღრმისეულად განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის თბილი და მეგობრული შეხვედრა შედგა, რომელზეც სიღრმისეულად იქნა განხილული როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე რეგიონში არსებული ვითარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.
მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და გამართული შეხვედრები შეაჯამა.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროული, რადგან შეხვედრები გაიმართა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივანთან, ასევე კონგრესში, როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში. ჩვენ მოვისმინეთ ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავების კუთხით, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და რა თქმა უნდა, ნატოში ინტეგრაციის პროცესში“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს სამიტზე ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგის დაფიქსირებას ელოდება და ამ პროცესში აშშ საქართველოს გვერდით დგას.
„ჩვენ ველოდებით სამიტს, რომელზეც უნდა დაფიქსირდეს ის შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს გატარებული რეფორმების შედეგად ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. აშშ მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდით ამ პროცესში და იგი ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს იყო თბილი და მეგობრული შეხვედრა და ამ შეხვედრაზე სიღრმისეულად იქნა განხილული როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე რეგიონში არსებული ვითარება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმავა შინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.