მიხეილ ჯანელიძე კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, დემეტრის სილურისს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებს, რაც კარგ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ისტორიული უწოდა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის მხარეს არქიეპისკოპოს ქრისოსტომოს მეორისა და კვიპროსის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების გამო, რომლითაც 2018 წელს საქართველოს მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიას კვიპროსში გადაეცა მიწის ნაკვეთი.

კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ კვიპროსი განუხრელად უჭერს საქართველოს მხარს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და დაადასტურა ამ მიმართულებით პარლამენტებს შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მზაობა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი პოტენციალი არსებობს ეკონომიკური ურთიერთობების განსავითარებლად, იზრდება ტურისტების რაოდენობა, რასაც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს. საუბრისას გამოიკვეთა ის კონკრეტული სფეროები, სადაც ორივე ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება არის შესაძლებელი.