მიხეილ ჯანელიძე - „ფრიდომ ჰაუსმაც“ აღიარა, რომ თავის ანგარიშში ჰქონდა შეცდომები
მიხეილ ჯანელიძე - „ფრიდომ ჰაუსმაც“ აღიარა, რომ თავის ანგარიშში ჰქონდა შეცდომები

„ფრიდომ ჰაუსმაც“ აღიარა, რომ თავის ანგარიშში ჰქონდა შეცდომები, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას კითხვას, რომელიც ეხებოდა „ფრიდომ ჰაუსისა” და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიშების გამოქვეყნებას.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციები საქართველოსთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და დარჩება მნიშვნელოვანად.

მისივე თქმით, აშშ ყოველთვის იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდამჭერი ფინანსურად, ტექნიკურად, პოლიტიკურად და ასევე დარჩება.

„აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობები არის უმაღლეს ნიშნულზე. ამ ურთიერთობებში განსაკუთრებული წელი გვქონდა 2017 წელს. თვითონ ამერიკული მხარის აღიარებითაც, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ეს იყო ნამდვილად განსაკუთრებული თავისი შედეგებით და ეს ასე გაგრძელდება. ეს ხდება, რადგან ნამდვილად აღიარებს აშშ, ევროკავშირი საქართველოს განსაკუთრებულ პროგრესს დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ყველა კრიტერიუმის შესაბამისად, რომელიც წინაპირობაა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტერგაციისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდი, სტაბილური ევროპულ სახელმწიფოდ განვითარებისთვისა და ჩამოყალიბებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ.

რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონეა და ძალიან ზედმეტია საუბარი რაიმე არაფორმალურ მმართველობაზე.

„რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, იგი გახდა უკვე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე, იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დღეს უმრავლესობაშია. შესაბამისად, აქ ძალიან ზედმეტია საუბარი რაიმე არაფორმალურ მმართველობაზე”, – განაცხადა ჯანელიძემ.