მიხეილ ჯანელიძე ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქუვეითში ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ცრნადაკს შეხვდა. შეხვედრა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული თანამშრომლობა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა აღნიშნეს.

ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამასთან, მხარეები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაგეგმილ ვიზიტს მიესალმნენ. ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქუვეითში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ასევე, მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ქუვეითის პრემიერ მინისტრთან შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰთან.