მიხეილ გიორგაძე - სახელმწიფომ ყველა ნაბიჯი გადადგა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ადეკვატური იქნებოდა
სახელმწიფომ და მთავრობამ ყველა ნაბიჯი გადადგა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ადეკვატური იქნებოდა, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ აქციებსა და იქ დაყენებულ მოთხოვნებზე განაცხადა.
„ვფიქრობ და იმედი მაქვს, ამას ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იზიარებს, რომ სახელმწიფომ და მთავრობამ ყველა ის ნაბიჯი გადადგა, რომელიც ამ შემთხვევაში ადეკვატური იქნებოდა. საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას და ინიციატივის უმცირესობისთვის გადაცემას ვგულისხმობ, რადგან წინასწარ ისევ უნდობლობაზე საუბარი და კითხვის ნიშნები არ ყოფილიყო“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
ასევე, მისი თქმით, შესაბამის ნაბიჯებს დგამენ საგამოძიებო უწყებებიც.
„ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენ სიახლეებს ვიგებთ. დაზარალებული ოჯახები საგამოძიებო ორგანოებიდან ინფორმაციის მუდმივი მიწოდების რეჟიმში არიან. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ის ადეკვატური და რეალისტური ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ, რაც ამ შემთხვევაში უნდა გადაედგა“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია „ნუ მომკლავ“ გუშინ გაიმართა. აქციის შემდეგ, მონაწილეებმა კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო. დღეს კი, პოლიციამ კარვები გზიდან გადაიტანა, რის შემდეგაც მოძრაობა განახლდა. აქცია დღეს 18:00 საათზეც არის დაგეგმილი.
ამასთან, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მირზა სუბელიანი დააკავა, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით – მერაბ მორჩაძე. ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პარლამენტში კი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელსაც „ევროპული საქართველოს წევრი“, დეპუტატი სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.