მიხეილ გიორგაძე - ნარკომოვაჭრეებსა და ნარკოდილერებთან სახელმწიფო იქნება შეუპოვარი
ბოლო დღეების განმავლობაში მოვლენებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანი, მათი უფლებების დაცვა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა,- ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას განაცხადა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე მოვლენებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
„ვფიქრობ, ეს არის ნათელი დადასტურება ძალიან გააზრებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკის. შს მინისტრმა განაცხადა მზაობა სპეცოპერაციის ყველა დეტალი იყოს გავლილი აქციის მონაწილეებთან და ორგანიზატორებთან ერთად. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიონალიზმი აჩვენეს და არც ერთი ექსცესის საშუალება არ მისცეს, რაც ძაან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მინისტრის თქმით, ნარკომოვაჭრეებსა და ნარკოდილერებთან სახელმწიფო შეუპოვარი იქნება.
„ნარკოტიკის ლეგალიზაციის საკითხი რამდენადაც მესმის არც დამდგარა აქციაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე ქალაქის მერმა თქვეს, რომ მომხმარებლების მიმართ ნარკოპოლიტიკა უფრო ლიბერალური უნდა იყოს, თუმცა ნარკომოვაჭრეებსა და ნარკოდილერებთან სახელმწიფო იქნება შეუპოვარი და მტკიცე, რაც ჩვენი ერთობლივი ბრძოლის საგანია“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.