მიხეილ დუნდუა - ბოლო ათ წელში მოსახლეობა გაზრდილია, დაახლოებით, 18 000 ადამიანით და მიგრაციის სალდო დადებითია, როცა 2003-2012 წლებში მოსახლეობა 200 000-ით შემცირდა
მიხეილ დუნდუა - ბოლო ათ წელში მოსახლეობა გაზრდილია, დაახლოებით, 18 000 ადამიანით და მიგრაციის სალდო დადებითია, როცა 2003-2012 წლებში მოსახლეობა 200 000-ით შემცირდა

ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2013-2022 წლებში საქართველოს მოსახლეობა გაზრდილია, დაახლოებით, 18 000 ადამიანით, როცა 2003-2012 წლების მანძილზე 200 000-ით შემცირდა, ვგულისხმობ მიგრაციის სალდოს მაჩვენებელს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„2003-2012 წლებში მიგრაციის უარყოფითი სალდო იყო 200 000-ზე მეტი და 2012 წლის შემდგომ, 2022 წლის ჩათვლით, მიგრაციის სალდო არის დადებითი. ანუ, მოსახლეობა გაიზარდა“, – განაცხადა დუნდუამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამ გამოიწვია, რომ 2022 წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით იმიგრანტი გვყავდა, ვიდრე ემიგრანტი და თითქმის 50 000 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, მაგრამ ქვეყანა საქართველოს ორჯერ მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა, მაშინ როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ემიგრაცია იმდენად თვალში საცემი არ იყო და მიგრაცია-ემიგრაციას შორის უარყოფითი სალდო 2 000-დან 10 000-მდე მერყეობდა, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ მოქალაქეობის მიხედვით ამ მაჩვენებლის დათვლა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, 2012 წლიდან დაიწყო.

„იქამდე მოქალაქეობის მიხედვით პარამეტრს საერთოდ არ ვითვლიდით და მოსახლეობა მოსახლეობა იყო. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენ გვყავს დიდი დიასპორა და როდესაც 90-იან თუ 2000-იან წლებში ბევრი ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ, მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რუსეთში არის მილიონი ქართველი, ამდენივე საქართველოს მოქალაქე კი არ არის. მათ აიძულეს, მოქალაქეობა შეეცვალათ. ადამიანები იძულებული გახდნენ, საკუთარი ეროვნება გადაეკეთებინათ და სხვა ჩაეწერათ იმ რეპრესიებიდან გამომდინარე, რაც იყო კავკასიური სახის ადამიანების და ქართველების მიმართ. 2006 წელს, ჩვენ გვახსოვს, როგორ გამოყარეს ქართველები. ასე რომ, როდესაც ქართველები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ ბრუნდებიან საქართველოში და არ აქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ქართველები, ჩვენი ქვეყნის მკვიდრები არ არიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი, მაგალითად, რუსები არიან ან სხვა ეროვნების წარმომადგენლები. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, წინა პერიოდში, ათწლეულების განმავლობაში, 90-იან და 2000-იან წლებში იძულებული გახდნენ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღოთ, რომ იქ შრომითი თუ სხვადასხვა პროცესი გაიოლებოდათ, მაგრამ მათი სამშობლოში დაბრუნება ხომ ჩვენი ამოცანაა?! ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მარტო მოქალაქეობის თვალსაზრისით, ესენი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, თუ საერთოდ სხვა ქვეყანაში დაბადებული ადამიანები არიან“, – განაცხადა დუნდუამ.

მისი თქმით, მიგრაცია ცოცხალი პროცესია და როდესაც საზღვრები გაიხსნა და ევროკავშირთან ინტენსიური მიმოსვლა გვაქვს, ბუნებრივია, ამ მიგრაციულ პროცესებს ეს აძლიერებს, თუნდაც განათლების მიღების ან დროებით დასაქმების კუთხით, მაგრამ მოსახლეობის დაბრუნებაც ხდება თავის სამშობლოში.