ვახტანგ გომელაური - გერმანიის მთავრობასთან მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კოლეგებთან, ხელშეკრულებით მეტი ვალდებულება გვაქვს
ვახტანგ გომელაური - გერმანიის მთავრობასთან მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კოლეგებთან, ხელშეკრულებით მეტი ვალდებულება გვაქვს

გერმანიის მთავრობასთან მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კოლეგებთან. ხელშეკრულებით მეტი ვალდებულება გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურის თქმით, უკანონო მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის მთავრობას შორის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მის დელეგაციასთან ვისაუბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, ოფიცრების გაგზავნა იქნება თუ ფილტრი. იცით, რომ ადგილზე ვფილტრავთ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მიდიან ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში, გერმანიაში, თუმცა არის შემთხვევები, როცა მესამე ქვეყნებიდან შედიან, რაც პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ საფრანგეთთან დაკავშირებით გვაქვს მოდელი, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყეთ – ადგილზე იმყოფებიან ჩვენი ოფიცრები, რომლებიც საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს ფილტრავენ და იქიდან ხდება გამობრუნება. დარწმუნებული ვარ, დამატებითი ფილტრები ხელს შეუწყობს უკანონო მიგრაციის პრობლემის მოგვარებას გერმანიის მიმართულებით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გერმანიის მიმართულებით უკანონო მიგრაციის მაჩვენებელი გაიზარდა.

„სამწუხაროდ, მაჩვენებელი გაიზარდა ბოლო პერიოდში, დაახლოებით ორ წელიწადში. ჩვენ ჩართული ვართ, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კოლეგებთან. ეს ურთიერთობა გაღრმავდება და მეტი ვალდებულება გვაქვს ხელშეკრულებით, რასაც დღეს მოვაწერეთ ხელი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება საქართველოსა და გერმანიის შს მინისტრებმა გააფორმეს.