ევროპარლამენტი ევროკავშირში უკანონო მიგრაციის შესამცირებლად ახალ წესებს უყრის კენჭს
ევროპარლამენტი ევროკავშირში უკანონო მიგრაციის შესამცირებლად ახალ წესებს უყრის კენჭს

ევროპარლამენტი დღეს ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალ პაქტს უყრის კენჭს. როგორც მედია წერს, რეფორმების მიზანი საიმიგრაციო წესების გამკაცრება და ბლოკის ფარგლებში უკანონო მიგრაციის შემცირებაა.

ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი ათ კანონპროექტს აერთიანებს.

ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა სისტემაში ცვლილებები გულისხმობს აპლიკანტების დაჩქარებულ შემოწმებასა და დეპორტაციებს.

ახალი სისტემის მიხედვით, მიგრანტები, რომლებიც უკანონოდ შევლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, შვიდი დღის განმავლობაში გაივლიან პიროვნების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შემოწმების პროცედურებს, რაც მოიცავს სახისა და თითის ანაბეჭდების ბიომეტრიულ მონაცემებსაც. პროცედურის მიზანია, განისაზღვროს, რომელმა მიგრანტმა უნდა გაიაროს დაჩქარებული თუ სტანდარტული პროცედურა თავშესაფრის მინიჭებისთვის და ვინ უნდა გაიგზავნოს უკან, საკუთარ თუ ტრანზიტულ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ, ადამიანის უფლებათა დაცვიდან გამომდინარე, მიგრანტების საკითხებზე მომუშავე საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი პაქტისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი. დამტკიცების შემთხვევაში, ახალი წესები 2026 წლიდან შევა ძალაში.