მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ ასობით პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გათავისუფლებულებს შორის აუნ სან სუ ჩის პარტიის პრესპიკერი და ცნობილი კომიკოსია.
კერძოდ, სამხედრო მმართველობის განცხადებით, ამნისტია გავრცელდება 5 600-ზე მეტ ადამიანზე, რომლებიც დააპატიმრეს სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. სამხედრო ხუნტის ლიდერის მინ აუნ ჰლაინის განცხადებით, ამნისტია „ჰუმანიტარული მიზნებით“ გამოცხადდა.
პატიმრების გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციამ (ASEAN) მიანმარის ხუნტის წარმომადგენლები სამიტის მონაწილეთა სიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ASEAN-ის სამიტი 26-28 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უფლებადამცველების მონაცემებით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში 1 178 ადამიანი მოკლეს, 7 ათასზე მეტი კი განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო დააპატიმრეს.