მეუფე დავითი - ერთი კოვზით ზიარება ღვთისგან მოცემული ჯილდოა, ვეზიარებით და არც შიში გვიპყრობს, რომ ჩვენ გავხდებით სხვათა დაღუპვის მიზეზი, საშიში არაფერია, ღვთის მადლით დაცული ვიქნებით
ალავერდის საკათედრო ტაძარში ყოველკვირეული წირვა-ლოცვა ჩატარდა.
კორონავირუსის საფრთხის გამო ტაძარში მრევლის ტრადიციულზე ნაკლები რაოდენობა იმყოფებოდა.
ეკლესიაში შეკრებილ მრევლს სტიქაროსნები რამდენიმე მეტრიანი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.
ზიარების შემდეგ მრევლის ნაწილმა სიტკბოება ერთჯერადი ჭიქებით, ნაწილმა კი ტრადიციული საეკლესიო ჭურჭლით მიიღო.
წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა მიმართა.
„ვართ მორჩილნი კანონის, მაგრამ ვართ მოყვარული ქრისტეს რჯულის, ამიტომ ვეზიარებით“, – მიმართა მრევლს მეუფე დავითმა.
მიტროპოლიტმა მრევლს ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა .
„რატომ ითხოვენ ეკლესიის დახურვას, რომ ინფექცია გავრცელდება? სხვა ინფექცია, სხვაგან უფრო ვრცელდება. ერთი კოვზით ზიარება პირიქით, ღვთისგან მოცემული ჯილდოა. ვეზიარებით და არც შიში გვიპყრობს, რომ ჩვენ გავხდებით სხვათა დაღუპვის მიზეზი. ნუ ეშინია ქვეყანას, ვევედრებით დაიცვას დიდი და პატარა. არაფერი სააშიში არ არის, ღვთის მადლით დაცული ვიქნებით, ოღონდ ადამიანებს გვმართებს გონიერება, სიფხიზლე, რასაც გვირჩევენ სპეციალისტები, ექიმები, უნდა შევასრულოთ.
ასაკიან ადამიანებს, რომლებსაც სიცივის გამო არ შეუძლიათ ამ დიდ და მშვენიერ, მაგრამ არც თუ ისე თბილ ტაძარში ყოფნა, შეუძლიათ, დარჩნენ იქვე სიახლოვეს თუ არის პატარა ტაძარი, თუ ვინმე ავად გახდება მას სახლში ვაზიარებთ“,- განაცხადა მეუფე დავითმა.