დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს [ფოტო]
დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს [ფოტო]

დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. საზეიმო წირვა-ლოცვას მღვდელმსახურებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პატრიარქი დიდუბის ეკლესიაში უკვე მივიდა. მასთან ერთად იმყოფება პატრიარქის თანამოსაყდრე შიო მუჯირი.

ილია მეორე წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს სავარაუდოდ, ქადაგებით მიმართავს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს.

საზეიმო ღვთისმსახურება დილიდან ყველა ეკლესიაში დაიწყება.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან იშვა, ქალაქ ნაზარეთში. იოაკიმე და ანნა 50 წელი ცოლ-ქმარნი იყვნენ დაშვილი არ ჰყავდათ. უშვილობა იმ დროს უდიდეს სასჯელად და შეურაცხყოფად ითვლებოდა. ლოცვისა და მარხვის შენახვის შემდეგ, შვილის დაბადების შესახებ მათ ანგელოზის მიერ ეუწყათ. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.