ფოთისა და ხობის ეპარქიაში მორწმუნეებს ზეთი ერთჯერადი ჩხირებით სცხეს, ხვალინდელ წირვას კი მრევლი ეკლესიის ეზოში დაესწრება
ფოთისა და ხობის ეპარქიაში მორწმუნეებს ზეთი ერთჯერადი ჩხირებით სცხეს, ხვალინდელ წირვას კი მრევლი ეკლესიის ეზოში დაესწრება

ფოთისა და ხობის ეპარქიამ მსახურების წესში მცირე ცვლილებები შეიტანა. ფოთის საკათედრო ტაძარში მწუხრის ლოცვის შემდეგ, მრევლს ზეთი ერთჯერადი ჩხირებით სცხეს.

ეპარქიის გადაწყვეტილებით, ხვალინდელ წირვას კი მრევლი არა ტაძარში, არამედ ეკლესიის ეზოში დაესწრება.

ეპარქიის გადაწყვეტილება მრევლს მიტროპოლიტის მდივანმა, მამა ამბროსი ხოშტარიამ ამბიონიდან გააცნო.

„მოგეხსენებათ, რომ დღეიდან ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რაც გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებს. შესაბამისად, ეპარქიაში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ხვალინდელი წირვა დაიწყება 10:00 საათზე, მაგრამ ტაძარში წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მღვდელმსახურები და დამხმარე პერსონალი. მხედველობაში მყავს სტიქაროსნები და მგალობლები, ხოლო მრევლის წევრები კი წირვას დაესწრებიან ტაძრის ეზოში. იმედია, ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს. ხოლო უშუალოდ ზიარების დროს ორი გზა არსებობს, ან ნაწილ-ნაწილ, სათითაოდ ტაძარში ვაზიარებთ მრევლს, ან შეგვიძლია, ბარძიმი გარეთ გავაბრძანოთ. ჩვენი თხოვნა არის, ეზოში დავიცვათ ერთმანეთისგან დისტანცია. არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი განსაცდელისკენ, იმის იმედად, რომ სასწაული გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან. ამ ვითარების შემთხვევაში, ამგვარი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა არ არსებობს“, – განაცხადა მამა ამბროსი ხოშტარიამ.