საქართველოში 28 ოქტომბერს მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. 15 000-ზე მეტი ვებგვერდი დროებით გათიშული იყო. ამ გვერდებზე ჰაკერებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო განათავსეს. პარალელურად, ჰაკერებმა პრობლემები შეუქმნეს საქართველოს პირველი არხისა და რამდენიმე კერძო ტელეკომპანიის შიდა ქსელსაც. მსგავსი კიბერთავდასხმები ბოლო პერიოდში გახშირდა. ეს იერიშები ე.წ. ჰიბრიდული ომის ნაწილი გახდა. საქართველოში განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ საქართველოს პირველი არხი ესაუბრა ავსტრალიელ პროფესორ მეტ უორენს, რომელიც მელბურნში მდებარე დიკინის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილეა.
– თქვენი აზრით, რა იყო საქართველოში მოწყობილი კიბერთავდასხმის მიზანი?
– ერთი შეხედვით, კიბერთავდასხმას მარტივი მიზანი ჰქონდა, ესაა არეულობის გამოწვევა. საქართველოში მომხდარს კლასიკურ ჰიბრიდულ თავდასხმას ვუწოდებთ. კიბერუსაფრთხოების კუთხით თუ შევხედავთ, შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტატაცია, რომ 15 000 ვებგვერდის შინაარსი შეცვალეს და ყველგან განათავსეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფოტოსურათი. თუმცა, თუ ამ თავდასხმას ჰიბრიდული კუთხით შევაფასებთ, მაშინ განსხვავებულ სურათს მივიღებთ. ჰიბრიდული საფრთხეების ანალიზის შედეგად, იოლი მისახვედრია, რომ თავდასხმა ფოკუსირებულია ისტორიულ მოგონებებზე, გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, ამ გზით დამნაშავეებს სურდათ საზოგადოების პოლარიზაცია, ისინი იყენებენ ტექნოლოგიებს საზოგადოების განხეთქილებისთვის და არეულობის გამოწვევისთვის. ასე რომ, კლასიკური კიბერთავდასხმა და ჰიბრიდული თავდასხმა სვადასხვაგვარია. ის, რაც საქართველოში ვნახეთ, იყო ჰიბრიდული თავდასხმა.
– ჰაკერებს არ სურდათ რაიმე ინფორმაციის მითვისება და მათი მიზანი იყო არეულობის მოწყობა?
– დიახ, ეს იყო ჰიბრიდული თავდასხმა, რომლის მიზანიცაა, საზოგადოების ერთიანობაში ბზარი გააჩინონ, არეულობა გამოიწვიონ. ჩვენ ამას ვხედავთ ბალტიისპირეთსა და სკანდინავიაშიც, სადაც სახელმწიფოებს მსგავს თავდასხმებთან გამკლავება ხშირად უწევთ. პარალელურად, ამ კონცეფციის საფუძვლიანი კვლევა გრძელდება.
– როგორც საბოლოოდ დადგინდა, კიბერთავდასხმის სამიზნე იყო 15 000 ვებგვერდი. ასე რომ, ეს მასშტაბური იერიში იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თავდასხმა იყო სხვა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი?
– დიახ, თქვენ ახსენეთ 15 000 ვებგვერდი, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს გვერდი ეკუთვნის ერთ ქართულ პროვაიდერს. თუმცა, ამავე დროს თავდასხმა განხორციელდა თქვენზე და კიდევ რამდენიმე ტელევიზიაზე, ასევე რეგიონული მთავრობისა და პრეზიდენტის ვებგვერდზეც კი. ეს ნიშნავს, რომ საქმე მხოლოდ ერთ ინციდენტს არ ეხება და ეს იყო კოორდინირებული კიბერიერიში. მსგავსი კოორდინაცია კი სახელმწიფოს შეუძლია. ასეთ სიტუაციაში სახელმწიფოები უშუალოდ მონაწილეობენ კიბერიერიშის დაგეგმვასა და განხორციელებაში ან ხელს უწყობენ, აქეზებენ და ეხმარებიან დამნაშავეებს. კიბერთავდასხმებში ფარულად მონაწილეობის დროს სახელმწიფო ჰაკერების დაჯგუფების სახელსაა ამოფარებული ან სხვადასხვა კომერციული კომპანიების საშუალებით ავრცელებს „ყალბ ამბებს“. ასეთი იერიშის დროს ყველაზე დიდი პრობლემა მათი წარმომავლობის დადასტურებაა. ეს ძალიან რთულია. დასავლეთს უკვე ჰყავს იდენტიფიცირებული ოთხი სახელმწიფო, რომლებიც კიბერსივრცეში საფრთხეს ქმნიან. ესენია რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ასე რომ, ჩემი აზრით, საქართველოში თავდასხმა ერთ-ერთი მათგანის ორგანიზებული იქნებოდა. უფრო კონკრეტულად, უნდა გადახედოთ ისტორიულ ფაქტორებს და შეხედოთ, რა ხდება ბალტიისპირეთში. ამის შემდეგ პოტენციური თავდამსხმელის გამოცნობა იოლი გახდება.
– რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ მსგავსი კიბერთავდასხმების დროს დაცული იყოს?
– ეს ძალიან რთული პროცესია. აუცილებელია უსაფრთხოების ყველა სისტემის გაუმჯობესება. ამის გაკეთება მოუწევს, როგორც სამთავრობო სტრუქტურებს, ისე კერძო კომპანიებს და ინდივიდუალურ პირებსაც კი. ტექნოლოგიები დღეს კომპლექსურია. ამის გამო, ძალიან რთულია ყველა ხარვეზისა და სისუსტის აღმოფხვრა, რომელიც უსაფრთხოებაში არსებობს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაა. რეალურად, თქვენ ეროვნული კოორდინაცია გჭირდებათ. მთავრობამ უნდა იმუშაოს სხვადახვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ერთად. უკვე დღეს ვხედავთ, თუ როგორ პასუხობს სხვადასხვა სახელმწიფოს საზოგადოება კიბერთავდასხმებს. მაგალითად მოვიყვანდი ლიეტუვას. ამ ქვეყანას ჰყავს მოხალისე მოქალაქეთა ჯგუფები, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ – გაუმკლავდნენ ჰიბრიდულ საფრთხეებს, მაგალითად, „ყალბ ამბების“ გავრცელებას ან არეულობის მოწყობის მცდელობას. კიბერუსაფრთხოების განმტკიცება დღეს მთელი საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს. მხოლოდ მთავრობისა ან კერძო კომპანიების აქტიურობა აღარაა საკმარისი. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული საზოგადოებებს შორის თანამშრომლობაზე, რათა კიბერსაფრთხეების დაძლევა ყველამ ერთად შევძლოთ.
– ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს საპასუხო ქმედებებზე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერაც. რა საშუალებები გააჩნია მაგალითად ნატოს?
– ჩრდილოატალანტიკურ ალიანსს კიბერსაფრთხეებთან გასამკლავებლად აქვს რამდენიმე ცენტრი. მათ შორის, ესტონეთში, რადგან ამ ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა ჰიბრიდული თავდასხმა. ნატო ცდილობს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ. ასევე, აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს. ყველაფერი ეს აუცილებელია, რომ იერიშის დროს ნატო-მ წევრი ქვეყნების დაცვა უკეთ შეძლოს და რეაგირება დროული იყოს. ნატო-ს უკვე დღეს აქვს უფრო მეტი საშუალებები, რომ დაადგინოს საიდან იყო ორგანიზებული თავდასხმა, დასრულდა იერიში თუ ის კვლავ გრძელდება, ასევე ჩაატაროს კომპლექსური გამოძიება და დაადგინოს საიდან მოდის საფრთხე.
– ბოლო პერიოდში, ჩვენ სულ უფრო მეტ კიბერთავდასხმას ვხედავთ. ამაში ჩართული არიან სახელმწიფოები. ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ კაცობრიობა კიბერომში ჩაერთოს?
– დღეს ხდება კიბერთავდასხმებისა და ჰიბრიდული ტაქტიკის ომის ტრადიციულ მეთოდებთან შერწყმა. მაგალითად, მოვიყვანდი სეპარატისტების შეიარაღებული ჯგუფების დაფინანსებას და შეიარაღებას. ჰიბრიდული ომი ფართო კონცეფციაა და კიბერიერიშები მისი ორგანული ნაწილია. ამასთან, ბევრ ქვეყანას უკვე აქვს საშუალება კიბერთავდასხმას პასუხი ანალოგიური მეთოდით გასცეს. ვნახეთ, რომ აშშ-ი ირანის კიბერსივრცეში საპასუხო იერიშით დაიმუქრა, რომელთა სამიზნე შეიძლება გახდეს ირანის საჰაერო თავდაცვითი სისტემები. თუნდაც აქ, ავსტრალიაში, სადაც შეიარაღებული ძალები თავდაცვაზე არის ორიენტირებული, ჩვენ ვიხილეთ მათი კიბერიერიში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურისა და ვებპლატფორმების წინააღმდეგ. ასე რომ, დასავლეთსა და სხვა ქვეყნებშიც საპასუხო დარტყმების განხორციელების საშუალებაც უკვე აქვთ.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ 3 ნოემბრის საქართველოს რადიოს გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.