უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმები ბელარუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმები ბელარუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს

კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე განხორციელებული კიბერთავდასხმები ბელარუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტოსთან ინტერვიუში უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილემ, სერგეი დემედიუკმა განაცხდა, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე განხორციელებული შეტევების დროს იმავე ტიპის ტექნოლოგია იყო გამოყენებული, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ.

„ვებგვერდებზე თავდასხმის საფარქვეშ უფრო დესტრუქციული ქმედებები იყო ჩადენილი და მათ შედეგებს უახლოეს ხანში ვიგრძნობთ“, – განაცხადა დემედიუკმა.

მისივე თქმით, ის დაჯგუფება, რომელიც თავს დაესხა უკრაინულ ვებგვერდებს, დაკავშირებულია ბელარუსის სპეცსამსახურებთან და მათ წარსულში იერიშები მიიტანეს ლიეტუვაზე, ლატვიასა და პოლონეთზეც.

„ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაზე თავდასხმისას, ძალიან ჰგავს იმას, რომელიც გამოიყენეს რუსმა ჰაკერებმა 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე კიბერიერიშის დროს. ეს ჯგუფი კი დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან“, – ამბობს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერიეირიში 14 იანვარს მიიტანეს. კიბერშეტევის შედეგად, უკრაინის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე განათავსეს წარწერები „გეშინოდეთ და დაელოდეთ უარესს“.