მესტიაში შალიკო რატიანის მაჩუბის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, მესტიაში შალიკო რატიანის მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
სააგენტოს ცნობით, ტერიტორია გაიწმინდა ნანგრევებისაგან, მოიხსნა საპირე წყობა და სახურავის ხის კონსტრუქციები. საძირკველების გასამაგრებლად მიწა გაითხარა ხელით, რისი გამაგრებაც შემდგომ მოხდა რკინა-ბეტონით. მოეწყო ყავრის სახურავი, რკინა-ბეტონის სარტყელი, აშენდა ქვის კედლები, კირ-ცემენტის ხსნარზე არსებული ქვის 30%-ის გამოყენებით, გამოიცვალა სართულშუა გადახურვა და აივნის ხის კონსტრუქციები, მოხდა ფასადის კედლების მობათქაშება კირის რთული ხსნარით.
სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან გადაუდებელი რეაბილიტაცია 150–მდე კოშკსა და მაჩუბს სჭირდება.